შალვა პაპუაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიები გაღმა შედავების პრინციპით მოქმედებენ - თუ ჰგონიათ, ბევრი ლაპარაკით დაიგროვებენ სათქმელს და ამით სტრასბურგში წარმატება ექნებათ, ცდებიან, რადგან ეს ტყუილად დახარჯული დრო იქნება

შალვა პაპუაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიები გაღმა შედავების პრინციპით მოქმედებენ - თუ ჰგონიათ, ბევრი ლაპარაკით დაიგროვებენ სათქმელს და ამით სტრასბურგში წარმატება ექნებათ, ცდებიან, რადგან ეს ტყუილად დახარჯული დრო იქნება

მგონი, მთელი საზოგადოება დარწმუნდა, რომ ამ პარტიებმა, რომლის წინააღმდეგაც გვაქვს შეტანილი სარჩელი, ვერც ერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს იმ ბრალდებების და მტკიცებულებების გასაბათილებლად, რომელიც ჩვენ წარდგენილი გვაქვს. ვნახეთ, რომ მთელი მათი ტაქტიკა იყო აწყობილი მხოლოდ იმაზე, რომ „ქართული ოცნებისთვის“ დაებრალებინათ რამე და შესდავებოდნენ - გაღმა შედავების პრინციპით მოქმედებდნენ, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მოსარჩელე მხარეზე თავდასხმის ტაქტიკა ფუჭია და ოპოზიციური პარტიები როგორც თავის, ისე სასამართლოს დროს ხარჯავენ.

„ეს სასამართლო არ არის „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით, მათ თუ „ქართულ ოცნებასთან“ რაიმე შესადავებელი აქვთ, შემოსულიყვნენ პარლამენტში და შეეძლოთ სარჩელი შეეტანათ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებითაც. ეს სასამართლო ეხება მათ, ამიტომ ტყუილად ხარჯავენ დროსაც და ენერგიასაც „ქართულ ოცნებაზე“ საუბრით. არარელევანტური იქნება და ფუჭად ხარჯავენ თავის დროსაც და სასამართლოს დროსაც. ისაუბრონ იმ ბრალდებაზე, რომელიც მათ აქვთ წაყენებული და იმართლონ თავი. საქმეც ის არის, რომ სამართლებელი არაფერი არ აქვთ- როგორ უნდა იმართლონ თავი 4 ოქტომბრის შემოქმედებმა, რომლებიც პრეზიდენტის სასახლეს თავს ესხმოდნენ, მხარს უჭერდნენ ამ ძალადობას, როგორ უნდა იმართლონ თავი 2024 წელს უცხოელების დავალებით მანდატების დამხევი პარტიების წარმომადგენლებმა. რით უნდა იმართლონ თავი, როდესაც მათ აღიარებული აქვთ, რომ მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მუშაობენ უცხო ქვეყნის ხელისუფლებებთან, პოლიტიკური თავდასხმის მისაღებად საქართველოს წინააღმდეგ და სანქციების დასაწესებლად საქართველოს წინააღმდეგ, ამით არა მხოლოდ თავის პოლიტიკურ დანაშაულზე, არამედ სისხლის სამართლებრივ დანაშაულზეც კი საუბრობენ. ამიტომ, მე მგონი, ცხადი გახდა, რომ არაფერი სათქმელი და თავის სამართლებრივი არგუმენტი არ აქვთ, ამიტომ ცდილობენ აქეთ თავს დაესხან სასამართლოს, ამ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს, „ქართულ ოცნებას“. მაგრამ ეს ტაქტიკა ფუჭია, თუ ჰგონიათ, რომ ბევრი ლაპარაკით დაიგროვებენ სათქმელს და ამით სტრასბურგში წარმატება ექნებათ, ძალიან ცდებიან, იმიტომ, რომ ეს იქნება ტყუილად დახარჯული დრო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.