გიგა ლემონჯავა - ვფიქრობ, რომ სარჩელზე გადაწყვეტილება უკვე დაწერილია - ეს სასამართლო გადმოწერს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს და სათაურის მაგივრად დააწერს გადაწყვეტილებას

ვფიქრობ, რომ სარჩელზე გადაწყვეტილება უკვე დაწერილია - ეს სასამართლო გადმოწერს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს და სათაურის მაგივრად დააწერს გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიგა ლემონჯავამ საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის სხდომაზე დასწრების მთავარი მიზანი ხელისუფლების რეალური გეგმების მხილება და საერთაშორისო სამართლებრივი ბრძოლის ბერკეტების შენარჩუნებაა. ლემონჯავას განმარტებით, ისინი პროცესში მონაწილეობას მანამ გააგრძელებენ, სანამ სხდომა საჯარო იქნება.
„ვფიქრობ, რომ სარჩელზე გადაწყვეტილება უკვე დაწერილია. ეს სასამართლო გადმოწერს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, უბრალოდ სათაურს შეცვლის და სარჩელის მაგივრად დააწერს გადაწყვეტილებას. ოღონდ ჩვენი აქ ყოფნის ამოცანა არის, რომ ვამხილოთ რეჟიმი, რათა საქართველოს მოსახლეობამ სინამდვილეში დაინახოს, რა მიზნები აქვს ხელისუფლებას. ეს მიზნები არის როგორც დემოკრატიისა და ევროპული მომავლის მკვლელობა, ისე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე დარტყმა, იმიტომ რომ საქართველოს აბრალებს 2008 წლის ომის დაწყებას. მეორე, რატომაც ვართ აქ - საერთაშორისო სამართლებრივი ბრძოლის ბერკეტები შევინარჩუნოთ. ბუნებრივია, რომ მანამ, სანამ სხდომა არის საჯარო, მასში მონაწილეობას გავაგრძელებთ“- აცხადებს ლემონჯავა.

























