გიორგი სიორიძე - ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურობის დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს! - საზოგადოებამ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმაც კი, დაინახეს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანი ოპოზიციის გაქრობაა

გიორგი სიორიძე - ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურობის დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს! - საზოგადოებამ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმაც კი, დაინახეს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანი ოპოზიციის გაქრობაა

ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურობის დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს! - საზოგადოებამ, მათ შორის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმაც კი დაინახეს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანი ოპოზიციის გაქრობაა, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ გააკეთა.

სიორიძის განმარტებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი არანაირ სამართლებრივ არგუმენტებს არ იძლევა. სიორიძის თქმით, საკონსტიტუციო სარჩელი ძირითადად თეა წულუკიანის კომისიის დასკვნას ეყრდნობა, რაც მტკიცებულების სტანდარტთან შესაბამისობაში არ არის და “არის მონაჭორი, ტენდენციური პოლიტიკური დოკუმენტი“.

„ვისაც მცირედი იურიდიული განათლება აქვს და ჩახედულია საქმეში, მცირედი ეჭვიც კი არ გაუჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ ამ პროცესში რაიმე სამართლებრივი შეიძლება იყო. საზოგადოებამ თავადაც დაინახა, სად არის სიმართლე და არგუმენტები. ბოლო პროცესების განმავლობაში ფარდა აეხადა და გასაგები გახდა, რომ „ქართულ ოცნებას“ სარჩელში ფაქტები მოყვანილი არა აქვს და არ არსებობს სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც პარტიების აკრძალვას გაამართლებდა. პროცესი თავიდან ბოლომდე ხელოვნურია - არ არსებობს პარტიების არაკონსტიტუციურობის დამადასტურებელი ფაქტი! საზოგადოებამ, მათ შორის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმაც კი დაინახეს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანი ქვეყანაში ოპოზიციის გაქრობაა.

მსოფლიოში არ ყოფილა პრეცედენტი იმისა, რომ ყველა ოპოზიციური პარტია ერთი ხელის მოსმით გაეუქმებინათ. საქართველოში კონსტიტუციური გადატრიალების დასკვნითი ფაზაა, სადაც დიქტატურა უნდა გაფორმდეს.

მოქალაქე კი აღმოჩნდება მდგომარეობაში, რომ არჩევნები მხოლოდ ფორმალურობა იქნება და როცა არჩევნებზე მივა, „მხოლოდ ქართული ოცნება“ და მისი რამდენიმე სატელიტი პარტია დახვდება“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.