ფრიდრიხ მერცი ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინის მხარდაჭერაში „სამართლიანი წვლილის“ შეტანისკენ მოუწოდებს

ფრიდრიხ მერცი ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინის მხარდაჭერაში „სამართლიანი წვლილის“ შეტანისკენ მოუწოდებს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას წერილი გაუგზავნა, რომელშიც ევროკავშირის ყველა ქვეყანას მოუწოდებს, „სამართლიანი წვლილი შეიტანონ“ უკრაინისთვის მრავალმილიარდიან ფინანსურ დახმარებაში არსებული დეფიციტის შესავსებად.

გერმანული მედიის ცნობით, გერმანიის კანცლერი ირიბად დაიმუქრა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ქვეყანა სხვა ფინანსურ საკითხებზე გადაწყვეტილებებს დაბლოკავს.

უკრაინისთვის დახმარების გაწევის მზადყოფნის ზოგადი დადასტურება „ამ პრობლემის გადაჭრისა და სხვა საკითხების განხილვის წინაპირობაა, განსაკუთრებით ფინანსური შედეგების მქონე საკითხებისა“, - აღნიშნულია მერცის წერილში, რომელშიც საუბარია 45 მილიარდ ევროზე, რომლის დეფიციტიც უკრაინას მომავალ წელს ემუქრება.

გარდა ამისა, გერმანიის კანცლერი მოითხოვს, რომ ევროკავშირის 2028-2034 წლების ბიუჯეტზე მოლაპარაკებების ფარგლებში მოიძებნოს გამოსავალი უკრაინის მდგრადი, მრავალწლიანი დაფინანსების უზრუნველსაყოფად.

„უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი საერთო ევროპული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია და ეს პრინციპი ამ მხარდაჭერის ტვირთის განაწილებაზეც უნდა ვრცელდებოდეს“, - აცხადებს მერცი.

წერილში ის მოუწოდებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, რომ ეს საკითხი პრიორიტეტად იქცეს ევროკავშირის არაფორმალურ სამიტზე, რომელიც 13 ნოემბერს დუბლინში უნდა გაიმართოს.

ცნობისთვის, ევროკომისიის შეფასებით, უკრაინისთვის დახმარების გასაწევად მომავალი წლის დაფინანსების დეფიციტი 70 მილიარდ ევროს შეადგენს, საიდანაც 45 მილიარდი ევრო ევროკავშირმა უნდა უზრუნველყოს.