შალვა პაპუაშვილი - პრეტენზიები, რაც წაყენებული გვაქვს ხუთი პარტიის მიმართ, დასაბუთებულია - ტყუილად დაიხარჯნენ, გაღმა შემოდავების პრინციპით მოქმედებენ, ეს არც მათ სამართლებრივ მდგომარეობას უშველის, არც შეფასებას, რომელიც ქართველ ხალხს აქვს გაკეთებული

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ხუთი ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოში საუბრით „ტყუილად დაიხარჯა“.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი სრულად დასაბუთებულია და თავად პარტიებმაც კი საკონსტიტუციო სასამართლოში ვერცერთი ბრალდება ვერ უარყვეს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები პროცესზე მხოლოდ „გაღმა შედავების პრინციპით“ მოქმედებდნენ, რაც მათ სამართლებრივ მდგომარეობას ვერ შეცვლის.
პაპუაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ პარტიების ისტორია და მათივე განცხადებები სარჩელის სასარგებლო მტკიცებულებებია, ქართველ ხალხს კი მათ მიმართ საკუთარი შეფასება გამოტანილი აქვს.
„ერთი მხრივ, ვნახეთ ჩვენი სარჩელის დასაბუთება და ის რომ, პრეტენზიები, რაც ჩვენ წაყენებული გვაქვს ხუთი პარტიის მიმართ, არის სრულად დასაბუთებული მათი ისტორიიდან გამომდინარეც, იმ პროცესზე მათ მიერ გაკეთებული განცხადებებიც კი მტკიცებულებებია ჩვენი სარჩელის სასარგებლოდ.
მეორე მხრივ, ვნახეთ პარტიების წარმომადგენლების განცხადებები, რომლებმაც ვერცერთი ბრალდება ვერ უარყვეს, ერთადერთი რაც აკეთეს, რამდენიმე დღე საუბრობდნენ, კი დააკვირდით. გაღმა შედავების პრინციპით მოქმედებდნენ და „ქართულ ოცნებას“ გვდებდნენ რაღაცებში ბრალს, ეს აბსოლუტურად არარელევანტურია, ტყუილად დაიხარჯნენ. ერთი ამბავია, რომ ტყუილად დახარჯეს თავისი დროც და სასამართლოს დროც. მათ მიმართ წარდგენილ ბრალდებებზე ვერაფერი თქვეს და ვერ უარყვეს ამ ბრალდებებიდან ვერცერთი. ერთადერთი გაღმა შემოდავების პრინციპით მოქმედებენ. კი ბატონო, ილაპარაკეს რამდენიმე დღე, მაგრამ ეს არც მათ სამართლებრივ მდგომარეობას უშველის რამეს, არც იმ შეფასებას, რომელიც ქართველ ხალხს დიდი ხანია გაკეთებული აქვს“, - აცხადებს პაპუაშვილი.

























