ურსულა ფონ დერ ლაიენი - აბუ-დაბიში დაგეგმილ მოლაპარაკებებში ევროკავშირიც მიიღებს მონაწილეობას

დღეს ვიწყებ ვიზიტს შავი ზღვის რეგიონში, სადაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეები მძაფრდება, თავდასხმების რიცხვი იზრდება და უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
“რუმინეთსა და ბულგარეთში შევხვდები ლიდერებს, რათა განვიხილოთ ადგილზე არსებული ვითარება და ის, თუ როგორ შეუძლია ევროპას, გააძლიეროს საკუთარი რეაგირება”, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.
მისი თქმით, ვიზიტის წინ სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
“შავ ზღვაში ნავიგაციის თავისუფლება უნდა აღდგეს და შენარჩუნდეს.
კიდევ ერთხელ დავადასტურე მხარდაჭერა მისი მოწოდებისადმი, რომელიც სურსათისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობს. ასევე განვიხილეთ მიმდინარე სამშვიდობო ძალისხმევა და ამ კვირაში აბუ-დაბიში დაგეგმილი მოლაპარაკებები, რომელშიც ევროკავშირი ჩვენს პარტნიორებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას. მოუთმენლად ველი ამ კვირის ბოლოს დუბლინში პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრას და სხვა ლიდერებთან ერთად მშვიდობისკენ გადადგმული შემდგომი ნაბიჯების განხილვას”, - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

























