ისააკ ჰერცოგი - მივიღე გადაწყვეტილება მთავრობის ფორმირების მანდატი გადი აიზენკოტს გადავცე - ისრაელს სჭირდება სტაბილური მთავრობა, დროა, ხელი გავუწოდოთ ერთმანეთს

ისააკ ჰერცოგი - მივიღე გადაწყვეტილება მთავრობის ფორმირების მანდატი გადი აიზენკოტს გადავცე - ისრაელს სჭირდება სტაბილური მთავრობა, დროა, ხელი გავუწოდოთ ერთმანეთს

ისრაელის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ მთავრობის ფორმირების მანდატი გადი აიზენკოტს ექნება.

ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ისრაელში ჩატარებული არჩევნების შედმდეგ, მან კონსულტაციები გამართა ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთან. მან აღნიშნული მოლაპარაკებები „რთულად და მწვავედ“ შეაფასა.

„ნათელი გახდა, რომ ისრაელის ყველა მოქალაქეს, მიუხედავად მათი შეხედულებებისა, ცხოვრების წესისა თუ რწმენისა, თანაბარი ხმა აქვს, განურჩევლად იმისა, თუ რომელ მხარეს ან პარტიას წარმოადგენენ“, - აღნიშნა მან და დასძინა:

„მთავარი კითხვა ასეთია: ვის აქვს მთავრობის ჩამოყალიბების ყველაზე დიდი შანსი?

ამიტომ, როგორც პრეზიდენტმა, მივიღე გადაწყვეტილება, მთავრობის ფორმირების მანდატი გადავცე პარტია „იაშარის“ თავმჯდომარეს, გადი აიზენკოტს“, - აღნიშნა ჰერცოგმა.

ისრაელის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ისრაელს სტაბილური მთავრობა” სჭირდება. ისააკ ჰერცოგი ისრაელის მთავარ პრიორიტეტები დაასახელა.

მისი თქმით, ქვეყანამ უნდა გადადგას ნაბიჯები ისრაელის თავდაცვის ძალების საჭიროებებისთვის. ასევე, ჰერცოგის განცხადებით, „უნდა ვეცადოთ, სამართლებრივად გავაფორმოთ საზღვრები და ურთიერთობები შესაბამის სტრუქტურებთან. ასევე, უნდა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა“.

მან ხაზი გაუსვა, რომ უპირველეს ყოვლისა, „ყურადღება უნდა გავამახვილოთ 7 ოქტომბრის იმ ჭრილობების მოშუშებაზე, რომლებიც ჯერ კიდევ ღიაა“.

გარდა ამისა, ისრაელის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყნის წინაშე „კიდევ მრავალი სხვა გამოწვევა“ დგას.

„ისრაელის სახელმწიფოს სჭირდება სტაბილური მთავრობა, რომელიც ხანგრძლივად შეძლებს ფუნქციონირებას.

ახლა დროა, ხელი გავუწოდოთ ერთმანეთს და გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, ქვეყნის ერთიანობისთვის, ისრაელელი ხალხისთვის შევქმნათ საუკეთესო და მაქსიმალურად სტაბილური მთავრობა“, - დასძენს ის.

თავის მხრივ, გადი აიზენკოტი ქნესეთის „ყველა ფრაქციას“ ახალი მთავრობის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

„ერთიანობა მხოლოდ პოლიტიკური არგუმენტი კი არა, უმაღლესი პრინციპია, რომელიც ჭეშმარიტ პარტნიორობასა და სიმართლეს გამოხატავს“, - აღნიშნავს ის.

მისი თქმით, ისრაელს სასწრაფოდ სჭირდება ახალი ხელმძღვანელობა და დასძენს, რომ ქვეყანას არ შეუძლია, კიდევ ერთხელ დაუბრუნდეს გაუთავებელი არჩევნების ციკლს.