მარიამ ქვრივიშვილი - შუა დერეფანი საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა - ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს

„შუა დერეფანი საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, როგორც ჩინეთსა და ევროპას შორის დამაკავშირებელი საიმედო სატრანზიტო დერეფანი , - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
მარიამ ქვრივიშვილი შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგთან ერთად დაესწრო.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრმა აქცენტი შუა დერეფნის კონტექსტში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკვანძო როლზეც გააკეთა.
„ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც შავ ზღვაზე შუა დერეფნის კარიბჭე გახდება და ჩინეთს, ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობაში მნიშვნელოვან სტრატეგიულ როლს შეასრულებს", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ამასთან, ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან პროგრესს საქართველოსა და ჩინეთს შორის საჰაერო კავშირების მიმართულებითაც.
„ივლისში ურუმჩი-თბილისის რეისს დაემატა შანხაი-თბილისის პირდაპირი რეისი. მოხარული ვარ, რომ ჩემი ბოლო ვიზიტის ფარგლებში ავიაკომპანია China Eastern-თან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, 2027 წლიდან ფრენების აღნიშნული, კვირაში 3 სიხშირე გაიზრდება კვირაში 5 სიხშირემდე, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ხალხთაშორის კავშირების, ტურიზმის, ბიზნეს კავშირებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, მხარეები ასევე აქტიურად მუშაობენ პეკინიდან, გუანგჭოუდან და ჩენგტუდან პირდაპირი ავიარეისების ამოქმედების შესაძლებლობებზე.
ქვრივიშივილმა ისაუბრა ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით პერსპექტივებზე. მისი თქმით, ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ვაჭრობის გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალი, რის რეალიზებაზეც ორივე მხარე აქტიურად მუშაობს.
„ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში სავაჭრო ბრუნვამ 2.3 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა და 41%-ით გაიზარდა, რის მიხედვითაც ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მეორე ადგილზეა", - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო დიდი პოტენციალი არსებობოს.
„მიუხედავად ამ დადებითი დინამიკის, მიგვაჩნია, რომ არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ვაჭრობის გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალი, რის რეალიზებაზეც ორივე მხარე აქტიურად ვმუშაობთ", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების საკითხზეც.
„2002 წლიდან დღემდე ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციებმა ჯამში მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. 2026 წლის პირველ ორ კვარტალში ჩინეთი გახდა საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა 236 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიციით", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

























