ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს - მხარს დავუჭერთ ჩინურ კომპანიებს, რათა განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს - მხარს დავუჭერთ ჩინურ კომპანიებს, რათა განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში

ჩინეთი და საქართველო უძველესი ისტორიისა და ცივილიზაციის მქონე სახელმწიფოები არიან, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, ხოლო სხვადასხვა სფეროში პრაქტიკულმა თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა ხან ჭენგმა საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებამ ორმხრივ ურთიერთობებში ახალი პერსპექტივები გააჩინა.

ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა ხან ჭენგმა და სავაჭრო ურთიერთობების ზრდის მასშტაბზე ისაუბრა.

„ჩინეთი და საქართველო უძველესი ისტორიისა და ცივილიზაციის მქონე სახელმწიფოები არიან. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, ხოლო სხვადასხვა სფეროში პრაქტიკულმა თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო. მიმდინარე წლის ივნისში ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ერთობლივად გამოაცხადეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აყვანის შესახებ. ამ გადაწყვეტილებამ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებისთვის ახალი პერსპექტივები გახსნა. მე მქონდა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან. ეს შეხვედრები იყო უაღრესად გულწრფელი, მეგობრული და შედეგიანი. საქართველოს ხელმძღვანელობისა და საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლების ენთუზიაზმმა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების მიმართ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მნიშვნელოვანი სტიმული მოგვცა. დღეს, როდესაც გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური წესრიგი ღრმა და კომპლექსურ ცვლილებებს განიცდის, ქვეყნების განვითარებისა და საერთაშორისო თავისუფალი ვაჭრობის წინაშე არსებული გამოწვევები სულ უფრო იზრდება. ამ ვითარებაში თანამშრომლობის გაძლიერება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და ამავდროულად მეტ შორსმჭვრეტელობას მოითხოვს. ბოლო წლებში ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების მასშტაბი სტაბილურად იზრდება, ხოლო საინვესტიციო თანამშრომლობის სფეროები მუდმივად ფართოვდება. მაღალი ხარისხის ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია სულ უფრო აქტიურად შედის ჩინეთის ბაზარზე. ასევე ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში. მიმდინარე წლის აპრილში ჩვენმა ქვეყნებმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლების შესახებ ოქმს. ამით ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. ჩვენ მზად ვართ, შევიძინოთ კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის ქართული პროდუქცია და ხელი შევუწყოთ ვაჭრობის ოპტიმიზაციასა და განვითარებას. ჩვენ მხარს დავუჭერთ ძლიერ და კონკურენტუნარიან ჩინურ კომპანიებს, რათა მათ თანმიმდევრულად განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში და გააფართოონ ადგილობრივ ბაზარზე საქმიანობა. ჩვენ უნდა შევქმნათ ხელსაყრელი გარემო ორი ქვეყნის კომპანიებს შორის თანამშრომლობისთვის. იმედი მაქვს, ჩინეთისა და საქართველოს ბიზნესსაზოგადოებების წარმომადგენლები მომავალშიც აქტიურად შეასრულებენ დამაკავშირებელი ხიდისა და მეგობრობის განმტკიცების ფუნქციას“, - განაცხადა ხან ჭენგმა.