პრემიერი - მომავალშიც შევქმნით ყველა პირობას იმისათვის, რომ ჩინურმა ბიზნესმა მაქსიმალურად წარმატებულად იმუშაოს ჩვენს ქვეყანაში - გვინდა, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა

პრემიერი - მომავალშიც შევქმნით ყველა პირობას იმისათვის, რომ ჩინურმა ბიზნესმა მაქსიმალურად წარმატებულად იმუშაოს ჩვენს ქვეყანაში - გვინდა, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა

მომავალშიც შევქმნით ყველა პირობას იმისათვის, რომ ჩინურმა ბიზნესმა მაქსიმალურად წარმატებულად იმუშაოს ჩვენს ქვეყანაში. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის. მოხარული ვართ, რომ გვაქვს ძალიან მჭიდრო პოლიტიკური პარტნიორობა , - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტთან ერთად საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ოფიციალურ მიღებაზე, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობასა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.

„ჩვენ განსაკუთრებულზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარებას. მოხარული ვართ, რომ განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან მზარდია ეკონომიკური თანამშრომლობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის, რაც ასახულია კონკრეტულ მონაცემებში. ძალიან სწრაფად იზრდება ვაჭრობა და იზრდება ინვესტიციები ჩინეთიდან საქართველოში. ჩვენ მომავალშიც შევქმნით ყველა პირობას იმისათვის, რომ ჩინურმა ბიზნესმა მაქსიმალურად წარმატებულად იმუშაოს ჩვენს ქვეყანაში. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის. მოხარული ვართ, რომ გვაქვს ძალიან მჭიდრო პოლიტიკური პარტნიორობა. ჩვენ რამდენიმე წლის წინ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას და სულ ცოტა ხნის წინ - ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას. ყველა ის შედეგი, რომლებზეც ვსაუბრობთ, ამ პოლიტიკური თანამშრომლობის კონკრეტული გამოხატულებაა. თუმცა ჩვენ არ გვინდა გავჩერდეთ დღემდე მიღწეულზე. ჩვენ გვინდა, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენს ქვეყნებს შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის და რა თქმა უნდა, ბატონი ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა ხან ჭენგმა და სავაჭრო ურთიერთობების ზრდის მასშტაბზე ისაუბრა.

„ჩინეთი და საქართველო უძველესი ისტორიისა და ცივილიზაციის მქონე სახელმწიფოები არიან. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, ხოლო სხვადასხვა სფეროში პრაქტიკულმა თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო. მიმდინარე წლის ივნისში ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ერთობლივად გამოაცხადეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აყვანის შესახებ. ამ გადაწყვეტილებამ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებისთვის ახალი პერსპექტივები გახსნა. მე მქონდა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან. ეს შეხვედრები იყო უაღრესად გულწრფელი, მეგობრული და შედეგიანი. საქართველოს ხელმძღვანელობისა და საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლების ენთუზიაზმმა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების მიმართ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მნიშვნელოვანი სტიმული მოგვცა. დღეს, როდესაც გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური წესრიგი ღრმა და კომპლექსურ ცვლილებებს განიცდის, ქვეყნების განვითარებისა და საერთაშორისო თავისუფალი ვაჭრობის წინაშე არსებული გამოწვევები სულ უფრო იზრდება. ამ ვითარებაში თანამშრომლობის გაძლიერება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და ამავდროულად მეტ შორსმჭვრეტელობას მოითხოვს. ბოლო წლებში ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების მასშტაბი სტაბილურად იზრდება, ხოლო საინვესტიციო თანამშრომლობის სფეროები მუდმივად ფართოვდება. მაღალი ხარისხის ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია სულ უფრო აქტიურად შედის ჩინეთის ბაზარზე. ასევე ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში. მიმდინარე წლის აპრილში ჩვენმა ქვეყნებმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლების შესახებ ოქმს. ამით ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. ჩვენ მზად ვართ, შევიძინოთ კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის ქართული პროდუქცია და ხელი შევუწყოთ ვაჭრობის ოპტიმიზაციასა და განვითარებას. ჩვენ მხარს დავუჭერთ ძლიერ და კონკურენტუნარიან ჩინურ კომპანიებს, რათა მათ თანმიმდევრულად განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში და გააფართოონ ადგილობრივ ბაზარზე საქმიანობა. ჩვენ უნდა შევქმნათ ხელსაყრელი გარემო ორი ქვეყნის კომპანიებს შორის თანამშრომლობისთვის. იმედი მაქვს, ჩინეთისა და საქართველოს ბიზნესსაზოგადოებების წარმომადგენლები მომავალშიც აქტიურად შეასრულებენ დამაკავშირებელი ხიდისა და მეგობრობის განმტკიცების ფუნქციას“, - განაცხადა ხან ჭენგმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების დინამიკაზე ისაუბრა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ გახსნა, ასევე სიტყვით გამოვიდა ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს თავმჯდომარე ჟენ ხუნგპინი. ოფიციალურ მიღებას საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლები დაესწრნენ