ზვიად შალამბერიძე საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე - ეს არის თავიდან ბოლომდე ტექნიკური ცვლილებები, რომელთა ერთადერთი მიზანი პროცესის გამარტივებაა

ზვიად შალამბერიძე საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე - ეს არის თავიდან ბოლომდე ტექნიკური ცვლილებები, რომელთა ერთადერთი მიზანი პროცესის გამარტივებაა

ეს არის თავიდან ბოლომდე ტექნიკური ცვლილებები, რომელთა ერთადერთი მიზანი პროცესის გამარტივებაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა, რითაც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ელექტრონულმა სისტემამ საარჩევნო პრაქტიკა შეცვალა, რამაც ვადების ოპტიმიზაციის შესაძლებლობა გააჩინა“.

„ჩვენ გარკვეული წლების წინ შემოვიღეთ ახალი სისტემა, რომელსაც ელექტრონული სისტემა ჰქვია, არჩევნების ჩატარების და რომელმაც პრაქტიკაში მოგვცა იმის საშუალება, რომ საარჩევნო პერიოდი, რომელიც არჩევნებამდე იწყება და არჩევნების შემდგომ კიდევ 26 დღე გრძელდება, შეგვემცირებინა კიდევ 11 დღით. ეს იყო ყველაზე მთავარი ცვლილება, რომ რეალურად, პრაქტიკის შესაბამისად, ყველა ის საჩივარი, რომელიც ამ საარჩევნო პერიოდის განმავლობაში იყო და ასე შემდეგ, პირველ 15 დღეში სრულდებოდა. ეს გვაჩვენა პრაქტიკამ. შესაბამისად, აღარ იყო იმის საჭიროება, რომ საარჩევნო პერიოდი 26 დღე კიდევ გაგრძელებულიყო. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მიმართულება, რომელიც შეიძლება დაიხვეწოს, ეს იქნება საარჩევნო პრაქტიკა თუ სხვა, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან უნდა განიცდიდეს ტრანსფორმაციას და უნდა დაიხვეწოს, იქიდან გამომდინარე, როგორი მოცემულობაც გვაქვს. სწორედ ამის გამოძახილი იყო რეალურად ის, რომ ასეთი ტექნიკური ცვლილებები შესულიყო საარჩევნო კანონმდებლობაში. გარდა იმისა, რომ შემცირდა საარჩევნო პერიოდი, შემცირდა ასევე ანგარიშგების პერიოდიც, 12 დღიდან 5 დღემდე ჩამოვიდა, განისაზღვრა კონკრეტული სატელევიზიო ეთერის განაწილება, განისაზღვრა სატელევიზიო რეკლამები ვინ უნდა გადასცეს, ვინ უნდა გააშუქოს და სხვა. ასე რომ, ეს არის თავიდან ბოლომდე ტექნიკური ცვლილებები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის გამოიყენება, რომ გამარტივებულიყო პროცესი”, - განაცხადა შალამბერიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტი “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების განხილვას იწყებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება არჩევნების გასაჩივრების წესებს ეხება - არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასასაჩივრებლად შესაძლოა კონკრეტული პირობები და მოთხოვნები დაუწესდეს, რომლის გარეშეც სარჩელს სასამართლო წარმოებაში არ მიიღებს. კერძოდ, საარჩევნო კანონს ამ მიმართულებით ახალი მუხლი ემატება, რომლის მიხედვით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი თუ ცესკოს შემაჯამებელ ოქმში არ არის აღნიშნული ან არასრულად ან შეცდომით არის აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ასახული ის მონაცემები, რომლებიც ცესკოს შემაჯამებელ ოქმში შეიტანება. ასევე არ არის ან არასრულად ან შეცდომით არის ასახული საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებთან დაკავშირებით სასამართლოების მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების შედეგები.

პროექტის მიხედვით, აღნიშნული მოთხოვნების დარღვევით სასამართლოში წარდგენილი სარჩელი წარმოებაში არ მიიღება. ამასთან, სარჩელის წარმოებაში მიღების შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილი იქნება მხოლოდ მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით იმსჯელოს და შესაბამისი დარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ცესკოს მისივე შემაჯამებელი ოქმის შესაბამისი მონაცემების გასწორება დაავალოს.

ცვლილებათა შორის ერთ-ერთი სიახლეა ის, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებს კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მეექვსე დღისა, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით არაუმეტეს ხუთი საარჩევნო უბნის გამოვლენისა და კენჭისყრის შედეგების ხელახალი გადათვლის ვალდებულება აღარ ექნებათ. პროექტის მიხედვით, “საარჩევნო კოდექსიდან“ შესაბამისი მუხლი ამოდის.

არჩევნების შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებით საარჩევნო კომისიების უფლებამოსილებებიც იცვლება. როგორც პარლამენტის, ასევე მუნიციპალიტეტების საკრებულოების და მერების არჩევნების საბოლოო შედეგებს საოლქო კომისიების ნაცვლად, ცენტრალური საარჩევნო კომისია შეაჯამებს და შემაჯამებელ ოქმსაც ცესკო გამოსცემს.

საკანონმდებლო ცვლილებებით, არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26 დღიდან 15 დღემდე მცირდება. დგინდება, რომ როგორც პარლამენტის, ასევე დედაქალაქის და ყველა მუნიციპალური ორგანოს არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამება კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-15 დღეს განხორციელდება.

გარდა ამისა, იცვლება საარჩევნო სუბიექტების და კანდიდატების მიერ კანდიდატურების მოხსნის ვადები. ახალარჩეული საკრებულოს, საკრებულოს წევრების, მერების უფლებამოსილებების დაწყების ვადა კი, არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მე-14 დღის ნაცვლად, მე-9 დღით განისაზღვრება.

ასევე იცვლება არჩევნების დანიშვნის დღიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით გამოყენებული სახსრების შესახებ სახელმწიფოს აუდიტის სამსახურისთვის ანგარიშის წარდგენის ვადა. კერძოდ, სუბიექტი, რომელიც წინასწარი მონაცემებით არჩევნებში კანონით დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობას მიიღებს, აღნიშნულ ანგარიშს წარადგენს კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-5 დღისა. მოქმედი კანონით, ანგარიშის წარდგენა გათვალისწინებულია კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-12 დღისა.

საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ ცესკოს და საოლქო კომისიებისთვის მინიჭებული რიგი უფლებამოსილებები საკუთრივ ცესკოს თავმჯდომარისა და საოლქო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება ხდება. დგინდება, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციის ან რეგისტრაციაში გატარებაზე უარის შესახებ განკარგულებას ცესკოსი/საოლქო საარჩევნო კომისიის ნაცვლად, კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს. ასევე, საარჩევნო ბიულეტენებისა და შემაჯამებელი ოქმების დაბეჭდვის პროცესზე დამკვირვებელთა დანიშვნის თაობაზე განკარგულებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნაცვლად, ცესკოს თავმჯდომარე გამოსცემს.