სანდრო ბარამიძე - ე.წ. ვეტინგი მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღების აპრობირებული მეთოდია, რაც გარდამავალ დემოკრატიებში წარმატებით გამოიყენეს - „ოცნებას“ არ სურს, სახელმწიფოს მართვის მიტაცებული სადავეები გაუშვას ხელიდან!

სანდრო ბარამიძე - ე.წ. ვეტინგი მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღების აპრობირებული მეთოდია, რაც გარდამავალ დემოკრატიებში წარმატებით გამოიყენეს - „ოცნებას“ არ სურს, სახელმწიფოს მართვის მიტაცებული სადავეები გაუშვას ხელიდან!

“ქართულმა ოცნებამ“ ეფექტურად დაამყარა დიქტატურა ქვეყანაში! აბსოლუტურად უსაფუძვლოა რაიმე საპირისპიროს პროგნოზირება - დიახ, საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკურ პარტიებს აკრძალავს და დიახ, ეს რეჟიმი არ აპირებს რაიმე ფორმით, მათ შორის კანონმდებლობის გაუმჯობესების გზით ნორმალური არჩევნების ჩატარებას - აღარავითარი მნიშვნელობა არ აქვს, როდის ჩატარდება არჩევნები, რადგან მას არავითარი აზრი და ლეგიტიმური საფუძველი არ ექნება! - ეს შეფასება “საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოს იურისტმა სანდრო ბარამიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ გააკეთა.

ბარამიძის განცხადებით, საქართველო უკვე არის ევროკავშირის გაფართოების პროცესის მიღმა და ვიდრე არსებული რეჟიმია, ამ კუთხით არაფერი შეიცვლება. ბარამიძის თქმით, სწორედ ეს იყო “ქართული ოცნების“ მიზანი, რაც მისივე აზრით, რუსეთის ხელმძღვანელობის პირდაპირი მითითება და დავალებაა.

გადაცემაში საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა მართლმსაჯულების სისტემა და მასთან დაკავშირებული საკითხებიც იყო. სანდრო ბარამიძემ ისაუბრა ევროკომისიის რეკომენდაციაზე, რომ სასამართლო რეფორმის ფარგლებში უნდა შეიქმნას მოსამართლეობის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა, საერთაშორისო ექსპერტების ჩართვით.

“მართლმსაჯულების მთელი სისტემა დაპყრობილია ერთი ვიწრო ჯგუფის მიერ, რომელსაც “კლანს“ უწოდებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ახლა უკვე ქვეყნის გარეთაც. ეს არის ყველაფერზე ხელმომწერი ხალხი, რომელთა შორის ოთხი მოსამართლე კორუფციაში ჩართულობის გამო სანქცირებულია აშშ-ს მიერ. ეს ხალხი მჭიდრო კავშირშია ბიძინა ივანიშვილთან, “ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან და ასრულებენ ნებისმიერ დავალებას, რომელიც პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან მოდის.

ჩვენ ამას ზეპირად არ ვამბობთ - შესწავლილი გვაქვს კონკრეტული განაჩენები და სასამართლოს გადაწყვეტილებები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს ელემენტარული პრინციპი დარღვეულია ყოველთვის, როდესაც საქმე ამა თუ იმ ბრალდებულის და პროცესის მონაწილის მიმართ “ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ინტერესებს ეხება. გამომდინარე აქედან, ყველამ იცის, რა დღეშია მართლმსაჯულება. საქართველოში არავინ ენდობა მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს და არ ენდობიან არც საზღვარგარეთ. აპრობირებული მეთოდი, თუ როგორ უნდა გაჯანსაღდეს მართლმსაჯულების სისტემა, ეს არის ე.წ. ვეტინგი - მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი, რაც სხვადასხვა გარდამავალი დემოკრატიების ქვეყნებში წარმატებით გამოიყენეს. როდესაც მოსამართლეებმა, რომელთაც მართლმსაჯულების სისტემა უპყრიათ ხელთ, დაამტკიცეს, რომ ისინი დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი მოსამართლეები კი არ არიან, არიან კორუმპირებულები და პოლიტიკური ხელმძღვანელობის დავალებებს ასრულებენ, არ შეიძლება მოსამართლეთა შერჩევა და სასამართლო სისტემა მათ ხელში დარჩეს. ამასთან დაკავშირებით არავითარ რიგით მოქალაქეს კითხვები არ უჩნდება. ცხადია, რომ კითხვები კობახიძეს, ივანიშვილს და მისთანებს უჩნდება“, - განაცხადა სანდრო ბარამიძემ.

ბარამიძის თქმით, სწორედ სასამართლო სისტემა იყო ბიძინა ივანიშვილის პირველი ნაბიჯი იქითკენ, რომ ხელში ჩაეგდო სახელმწიფო. როგორ ბარამიძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, “ივანიშვილმა ქვეყნის მიტაცება სასამართლო სისტემიდან 2015-2016 წლებში დაიწყო.

“როდესაც ხალხი არსებულ მართლმსაჯულების სისტემას უნდობლობას უცხადებს, სწორია ნეიტრალური ობიექტური მექანიზმების დანერგვა. ასეთი ობიექტური და ნეიტრალური მექანიზმი აპრობირებულია ქვეყნებში, სადაც თავმოყვარეობის საკითხი არ დგას, როდესაც საქმე კეთილსინდისიერი მართლმსაჯულების სისტემის მშენებლობას ეხება. უთავმოყვარეობაა ის, როდესაც სასამართლო სისტემას კორუმპირებულ ვიგინდარებს უგდებ ხელში!

დიახ, ლევან მურუსიძე იყო იმ რეჟიმის ავტორი, როდესაც ისეთი განაჩენები და განჩინებები გამოჰქონდა, როგორიც მან სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით გამოიტანა. დიახ, თუკი რაიმე ცუდი ხდებოდა იმ ხელისუფლების დროს, ამის ავტორი მურუსიძეც იყო! “ქართულ ოცნებას“ მოსამართლეთა ვეტიგის სისტემის დანერგვა არ უნდა, რადგან არ სურს მიტაცებული სახელმწიფოს მართვის სადავეები გაუშვას ხელიდან“, - განაცხადა სანდრო ბარამიძემ.

ამასთან, რაც შეეხება იმ კანონებს, რომლითაც ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდა, ბარამიძის თქმით, ირაკლი კობახიძე ტყუის, როდესაც ამბობს, რომ ტროტუარზე დგომის გამო არავინ დაუჭერით. ბარამიძეს აქვს მოლოდინი, რომ ტროტუარზე დგომის გამო ადამიანების დაკავებაზე ევროპული სასამართლო თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის“.

“ბუნებრივია, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნა იმ კანონების გაუქმებაა, რომელიც დიქტატურის საყრდენს წარმოადგენს და რომელზეც დიქტატურა დგას. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ევროკავშირის მოთხოვნა. ბუნებრივია, კობახიძის პასუხიც, რომ არ გააუქმებს კანონებს, რადგან სადავეები ხელიდან უნდა გაუშვას, რაც ივანიშვილის რეჟიმს არ სურს. კობახიძე ტყუის, როდესაც ამბობს, რომ ტროტუარზე დგომის გამო არავინ დაუჭერით. ათობით, ასობით ადამიანია დაჭერილი. მარტო ჩვენს ორგანიზაციას ათამდე საჩივარი აქვს გაგზავნილი ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში სწორედ ტროტუარზე დგომის გამო. არ ვიცი, ვის ატყუებს ამით ან ვის სჯერა ამ ტყუილების. მისი ინტერვიუ “ევრონიუსთან“ გაჟღენთილი იყო უტიფარი ტყუილებით და ეს „ქოცებს“ ძალიან უხარიათ. ევროპული სასამართლო აუცილებლად იტყვის სიტყვას ტროტუარზე დგომისთვის ადამიანების დაკავებაზე“, - განაცხადა სანდრო ბარამიძემ.

გადაცემაში საუბრის კიდევ ერთი თემა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვები იყო. ბარამიძის თქმით, “ქართული ოცნების“ სარჩელი არავითარ ფაქტობრივ და სამართლებრივ მტკიცებულებებს არ ეფუძნება.

“მტკიცებულად გამოყენებულია მხოლოდ წულუკიანის კომისიის დასკვნა, რომელიც თავისთავად მტკიცებულება არ არის. აღნიშნული დასკვნა ობიექტურად დადგენილ ფაქტებს კი არ აღწერს, იძლევა პოლიტიკურ შეფასებას იმ გუნდის მხრიდან, რომელმაც სარჩელი შეიტანა. პარტია “ახალის“ წარმომადგენელმა მაია კოპალეიშვილმა სასამართლოს წინაშე სავსებით სწორად და სამართლიანად დაასაბუთა, რომ ეს იყო არა მტკიცებულება, არამედ მოსარჩელე მხარის მტკიცება. გამომდინარე აქედან, ის ობიექტურ მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება.

გარდა ამისა, როგორც ანა წითლიძემ და სხვა გამომსვლელებმა აღწერეს, კარგად ჩანდა, როგორი მიკერძოებული და პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო კომისია, რომელმაც ე.წ. ფაქტები დაადგინა. კომისიამ ფაქტები კი არ დაადგინა, არამედ ფაქტებად მიიღო ვიღაც შემთხვევითი ადამიანების შეუმოწმებელი ე.წ. ჩვენებები.

ამასთან, ფაქტობრივი გარემოებები სულ რომ დადგენილი იყოს, ის არ ადასტურებს, რომ სახეზეა ის გარემოებები, რაც დასახელებულია საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მესამე პუნქტში. სარჩელი არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო. ის საკონსტიტუციო სასამართლოს არც უნდა მიეღო არსებითად განსახილველად და სარჩელის მიღებაზე გამწესრიგებელ სხდომაზევე უნდა ეთქვათ უარი. ამის მიუხედავად, ეჭვი არ მეპარება, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ხელისუფლებისთვის სასურველ გადაწყვეტილებას მიიღებს. საკონსტიტუციო სასამართლო ამ შემადგენლობით მზად არის “ქართული ოცნების“ ნებისმიერი დავალება შეასრულოს“, - განაცხადა ბარამიძემ.