ვასო ურუშაძე - მთავრობასა და პარლამენტს ვთავაზობთ, მოამზადონ ცვლილებები, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს აეკრძალებათ საქართველოში მოქმედ ფიზიკურ და ონლაინ კაზინოებში, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა

მინდა ვკითხო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას - რატომ არ არის ჩვენი ეკონომიკური განვითარების მთავარი პრიორიტეტი წარმოება, თანამედროვე ტექნოლოგიები, ინოვაციები, საექსპორტო პროდუქციის წარმოება, ტრანსპორტი, ლოგისტიკა და მრეწველობის განვითარება? რატომ აქვს აზარტულ თამაშებს ასეთი დიდი წილის ეკონომიკაში? რატომ უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენ ფულს წააგებს საქართველოს მოქალაქე? - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვასო ურუშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში დღეს ონლაინ სათამაშო პლატფორმებზე მილიონზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქმის ყოველი მესამე ადამიანზე სათამაშო ანგარიში არსებობს, ხოლო 400 000 ადამიანი აზარტულ თამაშებზეა დამოკიდებული.
ურუშაძის განცხადებით, პრობლემა მწვავედ ეხება ახალგაზრდებს და შრომისუნარიან მოსახლეობას. ბრიფინგზე ურუშაძემ წარადგინა ინიციატივა, რომელიც მისივე განმარტებით „ეხება არა მხოლოდ სათამაშო ბიზნესს, არამედ ქვეყნის ეკონომიკურ მომავალს, მოქალაქეების სოციალურ დაცვას და სახელმწიფოს პასუხისმგებლობას საკუთარი ხალხის წინაშე.“
„ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, დაიწყონ საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით მომზადება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებს აეკრძალებათ საქართველოში მოქმედ ფიზიკურ და ონლაინ კაზინოებში, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა.
კონკრეტულად წარვადგებთ ოთხ პუნქტიან გეგმას:
საქართველოს მოქალაქეებს აეკრძალებათ ქვეყანაში ფიზიკურ და ონლაინ კაზინოებით სარგებლობა და დაინერგება მონაკოს მოდელი.
მომზადდეს სათამაშო ბიზნესის საერთაშორისო ტურისტულ ინდუსტრიაზე გადასვლის ეკონომიკური გეგმა, რის შემდეგაც სათამაშო ბიზნესი ორიენტირებული გახდება საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე, რაც ასევე გულისხმობს მონაკოს წარმატებულ მოდელს.
შეიქმნას თამაშზე დამოკიდებულთა დაცვის და პრევენციის სახელმწიფო პროგრამა.
გაძლიერდეს არალეგალური ონლაინსათამაშო პლატფორმების წინააღმდეგ ბრძოლა და შემუშავდეს კანონის აღსრულების ეფექტიანობის ამაღლების გრძელვადიანი სტრატეგია“, - აღნიშნა ვასო ურუშაძემ.
ურუშაძის თქმით, კაზინოები და ონლაინ კაზინოები უნდა მუშაობდნენ საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე და ემსახურებოდნენ უცხოელ მომხმარებლებს, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი თამაშის შესაძლებლობა უნდა შეიზღუდოს.
„მსგავსი პრინციპი მოქმედებს მონაკოში, სადაც ქვეყნის მოქალაქეებს კაზინოებში თამაში ეკრძალებათ, ხოლო უცხოელი ვიზიტორებისთვის - ღიაა. ასეთი მიდგომა ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას.
ჩვენ არ უნდა დაველოდოთ, როდის გახდება ბავშვი თამაშზე დამოკიდებული, დაკარგავს ფულს, მიატოვებს სწავლას ან დაანგრევს საკუთარ მომავალს. სახელმწიფოს ვალდებულებაა, რისკი მანამდე შეამციროს.
ჩვენ გვჭირდება ეკონომიკა, რომელიც ფულს ქმნის წარმოებით, ექსპორტით, ინოვაციითა და შრომით და არა ეკონომიკა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი მოქალაქეების მიერ კაზინოში დახარჯული ფულია“, - აღნიშნა ვასო ურუშაძემ.
ურუშაძის თქმით, აღნიშნული ინიციატივა არ არის მიმართული კერძო ბიზნესის წინააღმდეგ. მისივე განმარტებით, საქართველომ უნდა განავითაროს საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე ორიენტირებული სათამაშო ბიზნესი და უცხოელ ტურისტებს უნდა შეეძლოთ საქართველოში არსებული კაზინოებით სარგებლობა, სასტუმროებში განთავსება, რესტორნებში თანხის დახარჯვა და ქვეყანაში დამატებითი ტურისტული შემოსავლის შექმნა.
„ჩვენ გვინდა საქართველო, სადაც ახალგაზრდები ცოდნით, შრომითა და პროფესიული განვითარებით მიაღწევენ წარმატებას, სადაც ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი - წარმოება, ინოვაცია და ექსპორტია, სადაც ოჯახების დანაზოგი, ოჯახის მომავალს ხმარდება და არა სათამაშო ბიზნესს.
როდესაც ქვეყნის უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში, ათიდან რვა აზარტული თამაშებთან დაკავშირებული ბიზნესია, ეს გვაიძულებს დავსვათ კითხვა: რა ტიპის ეკონომიკურ განვითარებაზე ვსაუბრობთ?
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება არ არის უბრალოდ ცუდი ჩვევა, ან ადამიანის პირადი ფინანსური პრობლემა. ეს არის სერიოზული სოციალური პრობლემა, რომელსაც შეუძლია დააზიანოს ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ფინანსური კეთილდღეობა და ოჯახური ურთიერთობები.
ეს არ არის მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის ვიწრო ინტერესი. ამ ინიციატივის განხილვისკენ მოვუწოდებთ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, ექსპერტებს, სამოქალაქო საზოგადოებას, საპატრიარქოს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს. დავიწყოთ ფართო საზოგადოებრივი და პროფესიული დისკუსია“, - აღნიშნა ვასო ურუშაძემ.
ურუშაძის თქმით, „საქსტატის“ ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 88.3 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 15.3%-იანი ზრდაა. მისივე განცხადებით, სათამაშო ბიზნესის წილმა ბიზნესსექტორის მთლიან ბრუნვაში 34.8% შეადგინა, „რაც კატასტროფული მაჩვენებელია, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის“.
„2025 წელს საქართველოში ყველაზე მაღალი ბრუნვის მქონე ათი კომპანიიდან რვა აზარტული თამაშების სფეროში საქმიანობდა“, - განაცხადა ურუშაძემ.

























