ჯარედ კუშნერი - აშშ-მა უკრაინასთან, ნატო-სთან და ევროპელ პარტნიორებთან პროდუქტიული და არსებითი მოლაპარაკებები გამართა

ბრიუსელში აშშ-მა უკრაინასთან, ნატო-სთან და ევროპელ პარტნიორებთან პროდუქტიული და არსებითი მოლაპარაკებები გამართა ხანგრძლივი მშვიდობის ორ არსებით და ურთიერთდაკავშირებულ ელემენტზე: უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებსა და უფრო ფართო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაზე, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი, ჯარედ კუშნერი სოციალურ ქსელში წერს.
“ინტენსიურად ვმუშაობთ ყველა მხარესთან, რათა ვიპოვოთ პრაქტიკული გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ ომის დასრულებას და მდგრადი მშვიდობის საფუძვლების შექმნას შეუწყობს ხელს”, - აცხადებს კუშნერი.
მისი თქმით, აშშ-ის მიზანია, პრაქტიკული, შეთანხმების გზით მოგვარდეს ყველა ის საკითხი, რომელიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მხარეებს აშფოთებთ და ეს მომავალი კონფლიქტის რისკს შეამცირებს.
მან ხაზი გაუსვა, რომ მომავალ კვირას აბუ დაბიში, შეერთებული შტატები უკრაინასთან და რუსეთთან თებერვლის შემდეგ პირველ სამმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამართავს.
“ჩვენ ორივე მხარესთან ვმუშაობთ სერიოზული წინადადებების შემუშავებაზე, რომლებიც დისკუსიებს რაც შეიძლება შინაარსიანს და პროდუქტიულს გახდის. პრეზიდენტმა ტრამპმა მშვიდობის მიღწევა პრიორიტეტად აქცია. ჩვენი ყურადღება გამახვილებულია რთული, დეტალური სამუშაოს შესრულებაზე, რაც აუცილებელია ამ მიზნის ყოვლისმომცველ და ხანგრძლივ შეთანხმებად გადაქცევისთვის”, - აცხადებს კუშნერი.

























