გიორგი შარაშიძე - „ოცნებას” დაგეგმილი აქვს, ჩაატაროს რიგგარეშე არჩევნები, მიიღოს სრული უმრავლესობა და გააკეთოს ის, რაც ჯერ ვერ შეძლო - ამოიღოს 78-ე მუხლი, დაიკანონოს აბსოლუტური ძალაუფლება, სადაც არც ხმის ამომღები იქნება, არც შემდავებელი - წინ მეტი ბოროტებაა!

პარტიების აკრძალვის პროცესის დაჩქარება, ფორსირება, მათ შორის, საარჩევნო კანონპროექტის დაჩქარებით მიღება და კიდევ ბევრი სხვა პროცესი მიუთითებს იმაზე, რომ “ქართულ ოცნებას” კიდევ მეტი ბოროტება აქვს დაგეგმილი, რომ ჩაატაროს რიგგარეშე არჩევნები, მიიღოს უკვე სრული უმრავლესობა, მათ შორის, თავისი ხელოვნური ოპოზიციის დახმარებით და ის, რაც აქამდე ვერ შეძლო, მაგალითად კონსტიტუციის 78-ე მუხლის ამოღება, - ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, საპარლამენტო დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა.
შარაშიძემ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შესახებ “ქართული ოცნების” წარმომადგენლების შეფასებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი განცხადებები იმის დასტურია, რომ “ქართული ოცნება” ევროპულ გზაზე დაბრუნებას არ აპირებს.
“პაპუაშვილის, კობახიძისა და სხვათა დღევანდელი განცხადებები მორიგი დასტურია იმისა, რომ არანაირი არც რესურსი, არც სურვილი, არც მოტივაცია, არც გეგმა, როგორმე საქართველო დაუბრუნდეს ევროპული მომავლის გზას, “ქართულ ოცნებას” არ აქვს. ყველაფერი დანარჩენი ემსახურება იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლების დასანახად ჯერ კიდევ შექმნან გარკვეული ფონი, რომ მათ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, რადგან კარგად იციან, რომ მათივე ამომრჩევლის დიდი ნაწილი ემხრობა საქართველოს ევროპულ მომავალს, მაგრამ ამავე დროს, თავს დაესხან ევროკავშირს და რაც თავად დააშავეს ბოლო წლების განმავლობაში, აქეთ დაადანაშაულონ ამ ყველაფერში ევროკავშირი. ეს არის უტიფრობის, უპასუხისმგებლობის, არაკომპეტენტურობის, არაეროვნულობის, არასახელმწიფოებრივი აზროვნების ერთობლივი ნაზავი.
კარგად იციან, რომ ერთადერთო მეთოდი, ეს მოღალატეობრივი ქმედებები რომ გაამართლონ, არის მაქსიმალური პოლარიზაცია, ამ შემთხვევაში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის. თითქოს ის აბსურდული სცენარი, რომ ვინმე ან სუვერენიტეტს გვართმევს, ან დამოუკიდებლობას და კობახიძე და პაპუაშვილი თუ არ იქნებიან, საქართველოს სუვერენიტეტს ისე ვერავინ დაიცავს. ამ მდარე პროპაგანდისტულ კამპანიას ერთადერთი მიზანი აქვს, რომ როგორმე, ყველაფრის ფასად შეინარჩუნონ ძალაუფლება”, - აღნიშნა შარაშიძემ.
ოპოზიციონერმა ასევე შეაფასა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გამოსვლა „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე.
შარაშიძის თქმით, კობახიძე და “ქართული ოცნების” სხვა წევრები ჟურნალისტებთან მონოლოგის რეჟიმში საუბარს არიან მიჩვეულები, ევროპელ მოდერატორთან დებატებმა კი ისინი ისე გააღიზიანა, რომ ამას ჟურნალისტის მიმართ სიტყვიერი თავდასხმები მოჰყვა.
“იქ რომ მიდიოდა კობახიძე მთელ სამთავრობო ამალასთან ერთად, როგორ არ იცოდა, რომ პირობითად, საშუალო სტატისტიკური ევროპელი - მაგდა ანიკაშვილი ან რომელიმე მათი პროპაგანდისტი წამყვანი არ დახვდებოდა. გასაკვირი ის უფრო იქნებოდა, წამყვანის კითხვები რომ არ ყოფილიყო ისეთი კრიტიკული, როგორიც იყო.
კარგად ვხედავთ, როგორ ესხმიან ამ მოდერატორს თავს. ეს იმიტომ მოხდა, რომ ისინი ერთადერთი მონოლოგის რეჟიმში საუბარს არიან მიჩვეულები. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, სად საუბრობენ ეს ადამიანები - სამთავრობო ტელევიზიებთან, პროპაგანდისტულ არხებთან, სადაც შეიძლება ფორმალურად დახვდნენ ჟურნალისტები, მაგრამ ეს არ არის რეალური დებატი, ეს არის მათივე პარტიული დანაყოფი, რომლებსაც თანამედროვე და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს ვერ ვუწოდებთ.
როგორც კი მოხვდნენ სიტუაციაში, სადაც კრიტიკული კითხვები და რეალური დებატები იყო, იქ გაშიშვლდა მათი ნამდვილი სახე და კობახიძის რეალური სახეც გამოჩნდა, რომელსაც არ აქვს უნარი და კომპეტენცია, რეალურად უპასუხოს ამ კითხვებს”, - აღნიშნა შარაშიძემ.
მან ასევე საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა. კითხვაზე, რისთვის ემზადება “ქართული ოცნება” მოსალოდნელი ცვლილებებით, შარაშიძემ აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” გეგმაა, ისეთი არჩევნები ჩაატაროს, რომელიც მთლიანად მხოლოდ მის ინტერესებზე იქნება მორგებული.
“ქართული ოცნება” ემზადება ისეთი არჩევნების ჩასატარებლად, სადაც ყველანაირი ფორმალური მხარე, საკანონმდებლო ბაზა მორგებული იქნება “ქართულ ოცნებაზე”. არ არის გამორიცხული პარტიების აკრძალვის პროცესის დაჩქარება, ამ პროცესის ფორსირება, მათ შორის, საარჩევნო კანონპროექტის დაჩქარებით მიღება და კიდევ ბევრი სხვა პროცესი, მათ შორის, თუნდაც ექიმ მაია კოხტაშვილისთვის საარჩევნო პროცესში მონაწილეობის აკრძალვა მომდევნო ხუთი წლით და ა.შ. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ “ქართულ ოცნებას” კიდევ მეტი ბოროტება აქვს დაგეგმილი, რომ ჩაატაროს რიგგარეშე არჩევნები, მიიღოს უკვე სრული უმრავლესობა, მათ შორის, თავისი ხელოვნური ოპოზიციის დახმარებით და ის, რაც აქამდე ვერ შეძლო, მაგალითად კონსტიტუციის 78-ე მუხლის ამოღება, ეს ყველაფერი გაიფორმოს და დაიკანონოს შეუზღუდავი, უკონტროლო, აბსოლუტური ძალაუფლება, როდესაც ქვეყანაში არ იქნება არც ხმის ამომღები და არც შემდავებელი”, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

























