განათლების სამინისტროში ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე საჯარო სკოლის დემონტაჟის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობენ

განათლების სამინისტროში  ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე საჯარო სკოლის დემონტაჟის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობენ

საქართველოს განათლების სამინისტროში პასუხობენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე საჯარო სკოლის დემონტაჟი იგეგმება.

განათლების სამინისტროში არ აკონკრეტებენ, იგეგმება თუ არა ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე საჯარო სკოლის დემონტაჟი. „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროში განუცხადეს, რომ ჯერ დადასტურებულად ცნობილი არაა, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ არის თუ არა აუცილებელი მოსწავლეების სკოლიდან გაყვანა.

მათივე თქმით, სავარაუდოდ აღნიშნულ თემაზე გაიმართება შეხვედრა და საკითხს განიხილავენ.

„ვეკუას სკოლას თვითონაც ჰქონდა ძალიან დიდი ხნის წინათ ინფორმაცია, რომ სკოლა არის სარემონტო, უნდა შევიდეს ექსპერტიზა, რათა დაადგინოს, რა სამუშაოები არის ჩასატარებელი. ეს სკოლამაც ძალიან დიდი ხანია იცის. სავარაუდოდ ექსპერტიზის დასკვნა მიუვიდათ ახლა, თორემ სკოლა რომ ცუდ მდგომარეობაშია და უნდა შეეფასებინათ, თვითონ სკოლამაც ძალიან დიდი ხანია იცის,ისიც იცის, რომ ალტერნატიულ ფრთაზე ვმუშაობთ.

ალტერნატიული ფართო მოძიებულია მათთვის, რემონტდება და მზადდება, თუმცა აქ საუბარია დროებით [შენობაზე]. თუმცა ამბავს ვერ გიდასტურებთ, ალბათ, შეხვედრა გაიმართება და უნდა განიხილონ, არის თუ არა აუცილებელი და თუ გამოჰყავთ, ეს დეტალები ჯერ [ცნობილი არ არის]. ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გიდასტურებთ.

თუ ექსპერტიზა იტყვის, რომ ცალსახად, შენობა უნდა დატოვონ, მოგვიწევს, რომ გამოვიყვანოთ ხალხი. ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია, მაგრამ დასკვნა ცნობილი იყო 21-ე სკოლის შემთხვევაშიც და შემდეგ რაღაცები შეიცვალა და იგივე შენობაში აგრძელებენ სწავლას. 21-ე სკოლის შემთხვევაში დასკვნა რომ მოვიდა, შემდეგ რაღაცები დაზუსტდა და დროებითი გამაგრება ჩაუტარდა“, - აცხადებენ განათლების სამინისტროში.