პარტია „დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე - ვიყენებთ ამ საპატიო შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! დიდება გმირებს! ივანიშვილის რეჟიმი რუსულია!

ვიყენებთ ამ საპატიო შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! დიდება გმირებს! ივანიშვილის რეჟიმი რუსულია!- ასე ეხმაურება პარტია „დროა“ რუსეთის გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით უწყებამ „დროა“ არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა.
პარტია დროა განმარტავს, რას ედავება რუსეთის საგამოძიებო უწყება.
„რაში „გვედება ბრალი”:
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად, ხოლო რუსეთის საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს სუვერენიტეტის დამრღვევად მიჩნევაში;
ივანიშვილის რეჟიმის რუსეთთან ფარული ურთიერთობების გამოაშკარავებაში;
საქართველოში ერთპარტიული სისტემის დასრულებისთვის მუშაობაში;
საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით ინტეგრაციის იდეის პოპულარიზაციაში;
უკრაინის ხელისუფლების აქტიურ მხარდაჭერაში. საქართველოსა და უკრაინას შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და ქვეყნის „კარპატების რვიანში“ (ავსტრია, უნგრეთი, პოლონეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი და ჩეხეთი) მონაწილეობის მხარდაჭერაში;
და ბოლოს, იმაში, რომ „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია ადანაშაულებს „ქართულ ოცნებას“ რუსული კურსის მხარდაჭერასა და ევროინტეგრაციის პროცესის ჩაშლაში.
ვიყენებთ ამ საპატიო შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! დიდება გმირებს! ივანიშვილის რეჟიმი რუსულია!
ჩვენ დავასრულებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს საქართველოში! საქართველო იქნება ევროკავშირისა და ნატოს წევრი!“- წერს პარტია „დროა“ განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა პოლიტიკური პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა. რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით, პარტია „დროას“ საქმიანობა „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო „არასასურველად“ გამოცხადდა.

























