პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირი არასდროს უჭერს მხარს ძალადობას, ვანდალიზმს, მოლოტოვის კოქტეილების სროლას საქართველოსა თუ ნებისმიერ ქვეყანაში, ასეთი რამ არასდროს მომხდარა და არც მოხდება - საწინააღმდეგოს მტკიცება რეპუტაციის დამაზიანებელი კამპანიის ნაწილია

პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირი არასდროს უჭერს მხარს ძალადობას, ვანდალიზმს, მოლოტოვის კოქტეილების სროლას საქართველოსა თუ ნებისმიერ ქვეყანაში, ასეთი რამ არასდროს მომხდარა და არც მოხდება - საწინააღმდეგოს მტკიცება რეპუტაციის დამაზიანებელი კამპანიის ნაწილია

ევროკავშირი არასდროს უჭერს მხარს ძალადობას, ვანდალიზმს, მოლოტოვის კოქტეილების სროლას საქართველოსა თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. რაიმე ასეთის მტკიცება არის ევროკავშირის გაშავების კამპანიის მცდელობა. ჩემო მოწოდება იქნება ქართველი პოლიტიკოსებისა თუ ქართველი ჟურნალისტების მიმართ, რომ თქვენ ყველას გაქვთ პასუხისმგებლობა, არ მიიღოთ მონაწილეობა ამ ანტი-ევროპულ რიტორიკაში , - ასე უპასუხა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ “ტვ იმედის” ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც ევროკომისიის ანგარიშში უსამართლოდ დაკავებული პირების გათავისუფლების შესახებ ჩანაწერს ეხებოდა.

ჟურნალისტმა ჰერჩინსკის სთხოვა, დაეკონკრეტებინა, ვინ მოიაზრებოდა უსამართლოდ დაკავებულ პირებში და ხომ არ იყვნენ ისინი 4 ოქტომბრის საქმეზე ან მოლოტოვის კოქტეილის სროლისთვის დაკავებულები.

როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, სწორედ ასეთი „გაშავების კამპანიის“ გამო არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი გაჩერებული.

“ორ წელზე მეტია, საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგში ჩვენ ხაზს ვუსვამდით, თუ რა ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული ხელისუფლების მხრიდან, რათა აღდგენილი იყოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შერჩევით დაკავებული პირების გათავისუფლება არის ერთ-ერთი ასეთი კრიტერიუმი, ასევე ანტი-ევროპული რიტორიკა და ანტი-ევროპული პროპაგანდა, რომელიც ჩვენსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ნდობას ასუსტებს. თუ რა იგულისხმება შერჩევით დაკავებასთან დაკავშირებით, მე დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ რაც ვიცი, არსებობს ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები, ადამიანის უფლებათა დამცველი პირები, რომლებმაც წარმოადგინეს განსხვავებული სიები ამ პირებისა, ასე რომ საქართველოს სასამართლო სისტემამ უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ იმოქმედოს შემდგომში.

ჩვენ გვსურს, დავინახოთ, რომ ადამიანები, რომელთაც, ჩვენი აზრით, არაპროპორციულად და შერჩევით მიუსაჯეს ხანგრძლივი სასჯელი, ისინი გათავისუფლდნენ ძალიან მალე.

მკაფიოდ ვიმეორებ, ევროკავშირი არასდროს არ უჭერს მხარს ძალადობას, ვანდალიზმს, მოლოტოვის კოქტეილების სროლას საქართველოსა თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ასეთი რამ არასდროს არ მომხდარა და არასდროს მოხდება. რაიმე ასეთის მტკიცება არის ევროკავშირის გაშავების კამპანიის მცდელობა და ეს აღმაშფოთებელი სიტუაცია, რომელშიც ჩვენ ვართ დღეს, როდესაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება დე-ფაქტო გაჩერებულია, სწორედ ამ გაშავების კამპანიის ნაწილია.

ჩემი მოწოდება იქნება ქართველი პოლიტიკოსებისა თუ ქართველი ჟურნალისტების მიმართ, რომ თქვენ ყველას გაქვთ პასუხისმგებლობა, არ მიიღოთ მონაწილეობა ამ ანტი-ევროპულ რიტორიკაში”, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ამასთან, ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ უნდა შეწყდეს ევროკავშირისკენ მიმართული დამაზიანებელი კამპანია.

„ბევრჯერ ვთქვი და გავიმეორებ, რომ ევროკავშირი მხარს არ უჭერს ძალადობას, ძარცცვას, ვანდალიზმს ან მოლოტოვის კოქტეილის სროლას. საწინააღმდეგოს მტკიცება რეპუტაციის დამაზიანებელი კამპანიის ნაწილია, რომელიც მიმართულია ევროკავშირისკენ. ეს არის იმგვარი ქმედება რომელიც უნდა შეჩერდეს ნდობის აღდგენისა და დილოგის განახლების მიზნით, სწორედ იმ დიალოგის რომელსაც საქართველოს პრემიერ -მინისტრი გუშინ ითხოვდა“, - განაცხადა ელჩმა.