“გახარია საქართველოსთვის“ - მთავარი, რაც ევროკომისიის ანგარიშიდან იკითხება არის ის, რომ საქართველოს ევროპული მომავალი „ოცნების“ რეჟიმის მძევალია - ვითარება მივიდა იქამდე, რომ დღის წესრიგში დადგა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეც

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ეხმაურება ევროკომისიის მიერ დღეს გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშს, რომელიც ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის სრულად არაკომპეტენტური, რეალობას მოწყვეტილი და ავტორიტარული რეჟიმი, რომლის პირობებშიც საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, - ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკომისიის ანგარიში მიუთითებს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი “ქართული ოცნების” “რეჟიმის მძევალია”.
“უკვე წლებია „ოცნება“ ევროკავშირს აბრალებს ურთიერთობების ჩიხში შეყვანას, მაშინ, როდესაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი თავად „ოცნებამ“ გააჩერა, დღეს კი უკვე საჯაროდ აღიარებს, რომ არავითარი გეგმა არ აქვს და რომ უარს ამბობს არადემოკრატიული ქცევის შეცვლაზე. უფრო მეტიც, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი უკვე ბრიუსელიდან საჯაროდაც სრულად არაადეკვატურ განცხადებას აკეთებს, რომ „ოცნების“ რეჟიმი ელოდება, ბრიუსელმა და ევროკავშირის წევრმა 27-მა სახელმწიფომ თავად შეცვალონ პოზიცია ანტიდემოკრატიული, ანტიევროპული რეჟიმის სასარგებლოდ, ან დაელოდებიან, როდის შეიცვლება ამ ქვეყნების პოლიტიკური ხელმძღვანელობა.
მთავარი, რაც ევროკომისიის ანგარიშიდან იკითხება არის ის, რომ საქართველოს ევროპული მომავალი „ოცნების“ რეჟიმის მძევალია.
რეჟიმის არაკომპეტენტურობისა და ძალაუფლების შენარჩუნების მანიაკური სურვილის გამო, ფასის გადახდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უწევს. ვითარება მივიდა იქამდე, რომ დღის წესრიგში დადგა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეც.
ეს მძიმე ფასი, რომლის გადახდაც საქართველოს მოქალაქეებს მოგვიწევს, მხოლოდ „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა. ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული და კონსტიტუციით გამყარებული არჩევანის წინააღმდეგ სვლა, რის გამოც რეჟიმის თითოეული საყრდენისთვის ინდივიდუალური პასუხისგება აუცილებლად დადგება.
საზოგადოებას შევახსენებთ 2024 წლის ერთ-ერთ მთავარ წინასაარჩევნო დაპირებას, რომელსაც თავად ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ გასცემდა: „გაძლევთ პირობას, რომ 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, - ნათქვამია განცხადებაში.

























