შალვა პაპუაშვილი - ორგანიზატორები ლაჩრულად გამოდიან ციხიდან და მიატოვეს ხალხი ციხეში - ნუ ენდობით ნურცერთი ქვეყნის ელჩს, უცხო ქვეყნის პოლიტიკოსს, ყველა მოგატყუებთ, ერთადერთი ვინც თქვენ მხარეს დადგება, საქართველოს სახელმწიფოა

ორგანიზატორები ლაჩრულად გამოდიან ციხიდან და მიატოვეს ხალხი ციხეში, ისინი, ვინც ძალადობაზე დაიყოლიეს და დღეს სასჯელს იხდიან - ნუ ენდობით ნურცერთი ქვეყნის ელჩს, უცხო ქვეყნის პოლიტიკოსს, ყველა მოგატყუებთ, ერთადერთი ვინც თქვენ მხარეს დადგება, ეს არის საქართველოს სახელმწიფო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმების გადაწყვეტილებას.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველო და საქართველოს ხელისუფლება ჰუმანური იქნება ყველას მიმართ, ვინც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს.
„[4 ოქტომბრის აქციის] ორგანიზატორები კიდევ ცალკე საქმეა, მათი დანაშაული ქვეყნის წინაშე კიდევ სხვაა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორგანიზატორებიც ახლა ლაჩრულად გამოდიან ციხიდან და მიატოვეს ხალხი ციხეში, ისინი, ვინც ძალადობაზე დაიყოლიეს და დღეს სასჯელს იხდიან.
მინდა ყველას ვუთხრა, რომ ნუ ენდობიან უცხო ძალებს, ნუ ენდობიან უცხო პოლიტიკოსებს, უცხო დიპლომატებს, უცხო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რატომ? - ხომ ნახეს, რომ წააქეზეს ამ ძალადობაზე, 4 ოქტომბრის დაანონსებულ ძალადობას მიესალმა ევროკომისიის პრესსპიკერი, დღემდე ბოდიში არ მოუხდია არცერთს ევროკომისიიდან, წააქეზეს და მიატოვეს შემდეგ ციხეში მრავალწლიანი სასჯელისთვის. ბოლოს ისევ საქართველოს სახელმწიფო იქნება, ვინც მათ მხარეს იქნება. სწორედ საპროცესო შეთანხმების თხოვნებზე, რომელიც მათგან მიდის და პროკურატურა თანხმდება, ეს არის სწორედ საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულება, რომ ჩვენ მათ არ ვექცევით ისე, როგორც მათი უცხოელი წამქეზებლები მოექცნენ, ბარიკადებზე აიყვანეს და შემდეგ ჩატოვეს ციხეში. ჩვენ მათ ვექცევით, როგორც ჩვენი ქვეყნის შვილებს. საბოლოოდ, ჩვენი სადარდებელია, როდესაც ადამიანს უწევს ციხეში სასჯელის მოხდა. ვინც აღიარებს თავის დანაშაულს ქვეყნის წინაშე, ვინც აიღებს პასუხისმგებლობას, რომ საკუთარ ქვეყანას უცხო ქვეყნის წარმომადგენლის წაქეზებით ასეთ ზიანს არასდროს მიაყენებს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო იქნება ლმობიერი და ჰუმანური ასეთი ადამიანების მიმართ.
ისინი ვინც დღეს კიდევ არიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის გამო, ვეუბნები, ნუ ენდობით ნურცერთი ქვეყნის ელჩს, ყველა მოგატყუებთ, ნუ ენდობით ნურცერთი უცხოელი ქვეყნის პოლიტიკოსს, ყველა მოგატყუებთ, ერთადერთი ვინც თქვენ მხარეს დადგება, ეს არის საქართველოს სახელმწიფო და დღემდე ეს დადასტურდა, ყოველ ჯერზე. უცხოელები ლაჩრულად მიგატოვებენ ციხეში, საქართველო და საქართველოს ხელისუფლება თქვენ მხარეს იქნება და ჰუმანური იქნება ყველას მიმართ, ვინც ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

























