ანდრეი სიბიგა კომიშუვახაზე თავდასხმაზე - რა დონის მორალური გაკოტრებაა საჭირო იმისთვის, რომ მოახდინო იმ ქვეყნის რეაბილიტაცია, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად მისულ ადამიანებს ბომბავს?

ანდრეი სიბიგა კომიშუვახაზე თავდასხმაზე - რა დონის მორალური გაკოტრებაა საჭირო იმისთვის, რომ მოახდინო იმ ქვეყნის რეაბილიტაცია, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად მისულ ადამიანებს ბომბავს?

რუსეთის კიდევ ერთი ბარბაროსული და უკიდურესად ცინიკური თავდასხმა. რუსეთის სისასტიკეს საზღვარი არ აქვს, ხოლო ადამიანის სიცოცხლისადმი მისი უპატივცემულობა ყოველგვარ მორალურ გამართლებას სცდება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ზაპოროჟიეს ოლქის კომიშუვახას დასახლებაში რუსულმა ძალებმა სკოლას დაარტყეს, სადაც ჰუმანიტარული დახმარება გაიცემოდა; შემდეგ კი თავს დაესხნენ თავშესაფარს, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა რუსული ბომბებისგან იცავდა თავს.

“დაღუპულია სულ მცირე 26 ადამიანი. სამაშველო ოპერაცია გრძელდება. და მაინც, მაშინ როცა რუსეთი უდანაშაულო უკრაინელების ხოცვას განაგრძობს, ზოგიერთი ცდილობს, მოსკოვთან ურთიერთობა ჩვეულ კალაპოტში დააბრუნოს - თითქოს ეს სისასტიკეები მათ გადაწყვეტილებებთან არაფერ შუაში იყოს”, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

სიბიგას თქმით, მათ შორისაა საერთაშორისო სპორტის სფეროს წარმომადგენელთა ნაწილიც, რომლებიც რუსული გუნდების შეჯიბრებებში დაბრუნების საკითხს განიხილავენ.

“რა დონის მორალური გაკოტრებაა საჭირო იმისთვის, რომ მოახდინო იმ ქვეყნის რეაბილიტაცია, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად მისულ ადამიანებს ბომბავს? რუსეთის მიერ მოკლული თითოეული უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ რუსეთის დროშა და მისი სპორტსმენები საერთაშორისო სპორტულ ასპარეზს მიღმა დარჩნენ. მათ, ვინც რუსეთს კარს უღებს, უნდა გააცნობიერონ, რომ ისინი კარს უღებენ სახელმწიფოს, რომელიც აგრძელებს მკვლელობას”, - აცხადებს სიბიგა.

მისი თქმით, რუსეთი იმსახურებს დაგმობას, იზოლაციას და პასუხისმგებლობის დაკისრებას და არა საერთაშორისო თანამეგობრობაში საპატიო ადგილზე დაბრუნებას. მისი დანაშაულები განუყოფელია მისი დროშისგან, ეროვნული ნაკრებებისგან თუ საერთაშორისო ლეგიტიმაციის აღდგენის მცდელობებისგან.

“მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯები და უარყონ რუსეთთან ურთიერთობის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების ნებისმიერი მცდელობა. არავითარი დათმობა სახელმწიფოს, რომელიც უდანაშაულო ხალხის ხოცვას განაგრძობს და არავითარი რეაბილიტაცია პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე”, - აცხადებს სიბიგა.