ლევან გოგიჩაიშვილი ე.წ. ჩორჩანას საქმეზე - ცრუ ჩვენებაზე პროცესი უნდა წავიდეს, ან ის 6 არაკაცი ტყუის, ან მაია ცქიტიშვილი - თუ სამხედრო დაზვერვამ არ იცის, რა ხდება ჩორჩანაში, გავყაროთ ეს ხალხი, რატომ ვუხდით ხელფასებს?

ლევან გოგიჩაიშვილი ე.წ. ჩორჩანას საქმეზე - ცრუ ჩვენებაზე პროცესი უნდა წავიდეს, ან ის 6 არაკაცი ტყუის, ან მაია ცქიტიშვილი - თუ სამხედრო დაზვერვამ არ იცის, რა ხდება ჩორჩანაში, გავყაროთ ეს ხალხი, რატომ ვუხდით ხელფასებს?

მაია ცქიტიშვილამდე ჩვენება მისცა “ქართული ოცნების” ექვსზე მეტმა წევრმა მამაკაცმა. ამ ქალმა მისცა გულწრფელი ჩვენება, ყოველ შემთხვევაში, თავისი გადმოსახედიდან. ან ის ექვსი არაკაცი ტყუის ან ქალბატონი მაია. ვინმეს მიმართ ცრუ ჩვენებაზე რაღაც პროცესი უნდა წავიდეს, არ გამოდის, რომ მაიაც მართალი იყოს და ისინიც მართლები იყვნენ, - ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” დღევანდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების ყოფილი მინისტრი, ყოფილი ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი იკითხებოდა.

გოგიჩაიშვილის თქმით, როდესაც ჩორჩანას საგუშაგო იდგმებოდა, იმ დროს ის პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი იყო და კომიტეტის შეხვედრებზე ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით საუბრები მიმდინარეობდა, ასევე, კეთდებოდა სიუჟეტები ამ თემაზე და “ქართული ოცნების” წარმომადგენლები მედიასთან ჩორჩანაზე ღიად საუბრობდნენ.

“ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბახტაძე ამბობდა, საერთოდ აზრზე არ ვიყავიო, ფინანსთა მინისტრი ამბობდა, საერთოდ აზრზე არ ვიყავიო, თავდაცვის მინისტრმა თქვა, საერთოდ აზრზე არ ვიყავიო, გენშტაბის უფროსმაც თქვა, საერთოდ აზრზე არ ვიყავიო, დაზვერვის უფროსმა თქვა, საერთოდ აზრზე არ ვიყავიო და მაინც და მაინც მაია იყო აზრზე, რასაც გახარია აკეთებდა იქ? იმ ხალხს ეძინა? უბრალოდ არაკაცები არიან და რაც უთხრეს, ის გააკეთეს. მერე აქედან ვიღაცამ სამსახური მიიღო, ვიღაცამ ტენდერი მოიგო და ა.შ.

მე ვიყავი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის შეხვედრაზე საუბრობდნენ, ჩორჩანაში რომ რაღაც პროცესები მიდიოდა, რას ნიშნავს, დაზვერვის უფროსმა არ იცოდა? პარლამენტში მიდიოდა ამაზე საუბრები, ინტერვიუებს იძლეოდნენ ადამიანები და სიუჟეტები კეთდებოდა, რანაირად არ იცოდნენ?

გენშტაბის ხელმძღვანელობას ჰყავს თავისი სამხედრო დაზვერვა. კონფლიქტის ორი კერა გვაქვს - სამაჩაბლოს რეგიონი და აფხაზეთი. თუ საქართველოს სამხედრო დაზვერვამ არ იცის, რა ხდება ჩორჩანაში, გავყაროთ მაშინ ეს ხალხი, რატომ ვუხდით ხელფასებს?” , - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.