პროკურორი - მაია ცქიტიშვილმა სასამართლო პროცესზე ნათლად დაადასტურა, რომ მან ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით შეიტყო საჯაროდ, მასმედიით გავრცელებული ინფორმაციით

პროკურორი - მაია ცქიტიშვილმა სასამართლო პროცესზე ნათლად დაადასტურა, რომ მან ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით შეიტყო საჯაროდ, მასმედიით გავრცელებული ინფორმაციით

ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა სასამართლო პროცესზე ნათლად დაადასტურა, რომ მან ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით შეიტყო საჯაროდ, მასმედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციით. წინასწარ მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ჩორჩანაში საგუშაგო იდგმებოდა, - ამის შესახებ პროკურორმა თამარ იაკობიძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

პროკურორის თქმით, ასევე, მაია ცქიტიშვილმა დაადასტურა, რომ ის არ ესწრებოდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომებს, ვინაიდან, არ იყო საბჭოს წევრი.

"რა იყო განხილული ამ საბჭოზე მაია ცქიტიშვილისთვის უცნობია, თუმცა ამ საბჭოზე, რა იყო განხილული ეს უკვე ჩვენ საბჭოს წევრებისგან ვიცით. ვიცით, რომ ჩორჩანას საკითხი არ განხილულა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში. მოწმემ დაადასტურა, რომ მან საგუშაგოს აღმართვაზე შეიტყო მას შემდეგ, რაც ეს გახდა საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციითვე ცნობილი",-განაცხადა თამარ იაკობიძემ.

პროკურორის თქმით, ასევე, დაცვის მხარეს ჰქონდა შუამდგომლობა, რომ დისტანციურად დაიკითხოს ყოფილი შს მინისტრი, გიორგი გახარია, რომელიც ძებნაზეა, თუმცა აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება წარდგენილი აქვს 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.