თაზო დათუნაშვილი გელა გელაძეზე - ადიუტანტის კარიერაც ისეთივე თავგადასავლებით აღსავსე და რეაქტიული აღმოჩნდა, როგორც მდინარაძის - ეს ნათლად წარმოაჩენს ავტოკრატიულ ხასიათს, რომელსაც ძალაუფლების ლოგიკა ატარებს

ქვიშის კარიერის გენერლის ადიუტანტის კარიერაც ისეთივე თავგადასავლებით აღსავსე და რეაქტიული აღმოჩნდა, როგორც მდინარაძის შემთხვევაში იყო, - ასე ეხმაურება
„ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი გელა გელაძის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობის დატოვებას.
თაზო დათუნაშვილის განცხადებით, გელა გელაძე მამუკა მდინარაძის კლანის ინტერესებს ემსახურებოდა.
„ან დაწინაურება რა იყო, ან დაქვეითება ან მოშორება სისტემიდან? ეს კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს იმ ავტოკრატიულ და არაჯანსაღ ხასიათს, რომელსაც ატარებს საქართველოში ძალაუფლების ლოგიკა და რომელიც დაყრდნობილია იმაზე, ბატონი ივანიშვილი ვისდამი იქნება კეთილგანწყობილი, თუ დაკარგავს კეთილგანწყობას რომელიმე პოლიტიკური ხელმძღვანელი, მასთან ერთად კარგავს მთელ იმ შლეიფს, რომელიც თითქოს სახელმწიფოს ემსახურებოდა, მაგრამ სინამდვილეში კონკრეტული ერთი „კლანის“ ინტერესებს ემსახურებოდა. როგორც გელაძე ემსახურებოდა მდინარაძის კლანის ინტერესებს“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
ინფორმაციისთვის, გელა გელაძე „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა.

























