უკრაინის ომბუდსმენი - უკრაინა და რუსეთი ოლეშკიდან ევაკუირებული ადამიანების რაოდენობას არ გაასაჯაროებენ - თქვენ ნახეთ არაუკრაინელი ჟურნალისტების ცნობები და დასკვნების გამოტანა ოფიციალური ციფრების გარეშეც შეგიძლიათ

უკრაინა და რუსეთი ოლეშკიდან ევაკუირებული ადამიანების რაოდენობას არ გაასაჯაროებენ, - ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენმა, დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა.
„ოფიციალურად ციფრებს არც მე დავასახელებ და არც რუსული მხარე გაავრცელებს. არ მსურს, ეს შეჯიბრად გადაიქცეს. ეს ობიექტურობას ხელს არ უწყობს. თქვენ ნახეთ არაუკრაინელი ჟურნალისტების ცნობები და ვფიქრობ, დასკვნების გამოტანა ოფიციალური ციფრების გამოქვეყნების გარეშეც შეგიძლიათ“, - განაცხადა ლუბინეცმა.
მისი თქმით, რუს კოლეგასთან, იანა ლანტრატოვასთან ერთად აშშ-ის პირველ ლედის, მელანია ტრამპს მიმართავს, რომ დროებით ოკუპირებულ ოლეშკიში განხორციელებული ჰუმანიტარული მისიის პრაქტიკა სხვა დასახლებულ პუნქტებზეც გავრცელდეს.
„ვიცი, რომ რუსულმა მხარემ, ომბუდსმენმა ლანტრატოვამ, ოფიციალურად მიმართა მელანია ტრამპს წინადადებით, რათა მსგავსი ჰუმანიტარული მისიები სხვა დასახლებული პუნქტების ტერიტორიაზეც განხორციელდეს. მსურს, მეც ზუსტად იგივე გავაკეთო. ეს ჩვენი ერთობლივი ინიციატივაა. ჩვენ ორივე თხოვნით მივმართავთ მელანია ტრამპს, რომ ეს პოზიტიური პრაქტიკა სხვა დასახლებულ პუნქტებზეც გავრცელდეს და არა მხოლოდ ხერსონის ოლქზე“, - აღნიშნა უკრაინის ომბუდსმენმა.
შეგახსენებთ, ოლეშკიში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 27 ოქტომბერს ამოქმედდა და 1-ელ ნოემბრამდე გაგრძელდა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ფარგლებში ოლეშკიში ჰუმანიტარული მისია ჩატარდა.

























