თვითმხილველები სადგურის მოედანზე ე.წ გადასასვლელ ხიდზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გარკვეულ დეტალებზე საუბრობენ

თვითმხილველები სადგურის მოედანზე ე.წ გადასასვლელ ხიდზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გარკვეულ დეტალებზე საუბრობენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა დაზარალებულმა, მანანა მაჭარაშვილმა განუცხადა, ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი მისთვის უცნობია, თუმცა, ვარაუდობენ, რომ ცეცხლი ელექტრობის ე.წ. კაბელებიდან გაჩნდა.
„ჯიხურში ვიჯექი და დამწვრის სუნი იყო. ნათურის კაბელში გაჩნდა, თუ როგორ, ზუსტად არ ვიცი. გვერდით ქალი იჯდა, ფეხსაცმელს ყიდდა და მგონი, ცეცხლი მასთან გაჩნდა. დამიძახეს: „წყალი მიასხიო“ და რომ მივასხი, მეტი ცეცხლი წამოვიდა. ვერ მოვასწარი ვერაფრის გამოტანა. არც ის ვიცი ზუსტად, რამდენი ლარის ზარალი მომადგა, დაახლოებით 10 000 ლარის მაინც იქნებოდა, ნავაჭრი ფულიც შიგნით დამრჩა“, - განაცხადა მანანა მაჭარაშვილმა.
შპს "ბიჯი 4"-ის დაცვის უფროსმა როინ როდონაიამ კი განაცხადა, რომ 22 მაღაზიაა დამწვარი, ზარალის ოდენობა უცნობია.
"დაცვის სამსახურის უფროსთან ერთად ცვლის უფროსიც ვარ, დილით სმენა გადავაბარე და წავედი, მაშინ ყველაფერი კარგად იყო.
დამირეკეს ცეცხლის გაჩენის თაობაზე და მაშინვე წამოვედი. დილით არაფრის საფრთხე არ იყო. როგორც თვითმხილველები ამბობენ, "ისკრა" ვნახეთ და მაშინვე აალდაო. როგორც ამბობენ, გადის კაბელები და როგორ მოხდა, არ ვიცი. 22 მაღაზიაა დამწვარი. ზარალი არ ვიცი რამდენი შეიძლება იყოს, რადგან უმრავლესობა მაღაზიები რაც დაიწვა, არის მეორადი ტანსაცმელი და ფეხსაცმელები. ხიდი ეკუთვნის რკინიგზას, მათგან აქვთ იჯარით აღებული შპს "ბიჯი 4"-ს და მას აქვს უკვე მოვაჭრეებზე გაქირავებული", - განაცხადა როინ როდონაიამ.
სადგურის მოედანზე ე.წ გადასასვლელ ხიდზე ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. მომხდარის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

























