ირაკლი ფავლენიშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებზე, მტკიცდება ისტორიული სიმართლე, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს და არ გახლავთ „ოცნების“ მხარეს

საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებზე, მტკიცდება ისტორიული სიმართლე, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს და არ გახლავთ „ოცნების“ მხარეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სარჩელი დაუსაბუთებელია იმიტომ, რომ არ შეიძლება მილიონზე მეტ ადამიანს ხმის მიცემის უფლება ეკრძალებოდეს. ფავლენიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნებში როდესაც პოლიტიკურ პარტიებს კრძალავენ, აკრძალვა ეხება ტერორისტულ ძალებს და იმ ძალებს, რომლებიც ოკუპანტის სამსახურში არიან.
„არასწორია, როცა მათ [„ქართულ ოცნება“] ანალოგია მოჰყავთ, რომ პარტიების აკრძალვა ხდება სხვაგანაც.
ევროპაში და ცივილიზებულ სამყაროში პარტიების აკრძალვა ხდება მაშინ, როდესაც ტერორისტული ორგანიზაციები არიან ეს პოლიტიკური ძალები, ან პირდაპირ არიან ოკუპანტის სამსახურში. რამდენიმე ასეთი შემთხვევა არსებობს და ყველა პრეცედენტი არის იდენტური შინაარსის მქონე.
პრეცედენტი, რომ დემოკრატიული ოპოზიცია და ზოგადად ოპოზიცია იკრძალებოდეს ქვეყანაში, რაც არ უნდა განსხვავებული აზრის მქონე იყოს აბსოლუტურად ანტისამართლებრივი, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული ქმედებაა“, - აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ფავლენიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ცალსახა მიზანია, რომ „ყველა ანტისაოკუპაციო ხასიათის პოლიტიკური ძალა იქნეს ამ ქვეყანაში აკრძალული“. მისივე თქმით, ეს არის რურული დავალება, ისევე როგორც იყო „რუსული კანონის“ შემთხვევაში.
„ამიტომაც არ მოეწონა „ოცნებას“ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვები, იგივე ანა წითლიძის გამოსვლით დადასტურდა თუ როგორი აბსურდული დასკვნები დევს ამ საქმეში. იგივე საქართველო გამტყუნებულია 2008 წლის აგვისტოს ომში, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე ყველგან არის გამართლებული და მხოლოდ წულუკიანის კომისიამ გაამტყუნა ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

























