დიმიტრი პასკოვი ევროპაში რუსული გაზის უკრაინის გავლით მიწოდების განახლებაზე - ასეთი გეგმების რეალიზება ამჟამად შეუძლებელია

დიმიტრი პასკოვი ევროპაში რუსული გაზის უკრაინის გავლით მიწოდების განახლებაზე - ასეთი გეგმების რეალიზება ამჟამად შეუძლებელია

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პასკოვის განცხადებით, ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ შესაძლებელი იყოს საუბარი მომავალში უკრაინის გავლით ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის განახლებაზე.

„ჯერჯერობით, ამაზე საუბარი, ალბათ, ნაადრევია. სინამდვილეში, ადგილზე არსებული მდგომარეობა ნათლად აჩვენებს, რომ ასეთი გეგმების რეალიზება ამჟამად შეუძლებელია“, - აღნიშნა პესკოვმა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, დაინტერესებულია თუ არა რუსეთი უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის განახლებით და განიხილება თუ არა საერთოდ ასეთი შესაძლებლობა.

ამასთან, მისი თქმით, მომავალში რუსული გაზის ევროპაში მიწოდების საკითხი დამოკიდებული იქნება როგორც მყიდველების სურვილზე, ისე გამყიდველების შესაძლებლობებზე.

პესკოვის განმარტებით, მართალია, ევროპული ბაზარი პრემიუმკლასის ბაზარია, თუმცა ეკონომიკური ზრდის ცენტრები გლობალური სამხრეთის ქვეყნებშია.

„ვნახოთ, რა იქნება მომავალში. ყველაფერი დამოკიდებული იქნება მყიდველების სურვილზე, გამყიდველების სურვილსა და მათ შესაძლებლობებზე. მოგეხსენებათ, გაზის ბაზარი გაცილებით დიდია, ვიდრე მხოლოდ ევროპული ბაზარი, მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ბაზარი პრემიუმკლასის ბაზარს წარმოადგენს. ამასთანავე, მოგეხსენებათ, მსოფლიო ეკონომიკური ზრდის ცენტრები სულაც არ არის ევროპაში. ისინი მაინც კოლექტიურ სამხრეთშია განლაგებული“, - აღნიშნა პესკოვმა.

მანამდე, Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიის გავლით ევროპაში რუსული გაზის მიწოდების აღდგენას მოლაპარაკებების ფარგლებში, რომელიც მიმართულია მოახლოებული ზამთრის წინ ე.წ. ენერგეტიკული ზავის მიღწევაზე.