4 ოქტომბრის საქმის პროკურორი - დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ ზურაბ ჭავჭანიძესა და ანტონ ვარდანიძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება იშუამდგომლა

4 ოქტომბრის საქმის პროკურორი - დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ ზურაბ ჭავჭანიძესა და ანტონ ვარდანიძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება იშუამდგომლა

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ წარადგინა და იშუამდგომლა ორ მსჯავრდებულთან დაკავშირებით საპროცესო შეთანხმების გაფორმება. მოცემულ შემთხვევაში საუბარია ანტონ ვარდანიძეზე და ზურაბ ჭავჭანიძეზე - ხვალ სასამართლო გამოაცხადებს განაჩენს, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სისხლის სამართლის საქმეში, სადაც 8 მსჯავრდებულის მიმართ მიმდინარეობდა საქმის არსებითი განხილვა, ბრალდების მხარემ დანარჩენ 6 მსჯავრდებულთან მიმართებით სასამართლოს წარუდგინა დასკვნითი სიტყვა.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ წარადგინა და იშუამდგომლო ორ მსჯავრდებულთან დაკავშირებით საპროცესო შეთანხმების გაფორმება. მოცემულ შემთხვევაში საუბარია ანტონ ვარდანიძეზე და ზურაბ ჭავჭანიძეზე განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში, სადაც 8 მსჯავრდებულის მიმართ მიმდინარეობდა საქმის არსებითი განხილვა. 2-თან მიმართებით წარვადგინეთ საპროცესო შეთანხმება, ხოლო დანარჩენ 6 მსჯავრდებულთან მიმართებით სასამართლოს წარვუდგინეთ დასკვნითი სიტყვა. სასამართლომ მოისმინა როგორც საპროცესო შუამდგომლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, ასევე დასკვნითი სიტყვები და საქმის განხილვა გადაიდო. ხვალ სასამართლო გამოაცხადებს განაჩენს როგორც საპროცესო შეთანხმებებთან დაკავშირებით, ასევე არსებითად მიიღებს გადაწყვეტილებას სხვა მსჯავრდებულებთან მიმართებით, სადაც დაცვის მხარეა აპელანტი.

რაც შეეხება იმ პირებს, ვისთანაც ბრალდების მხარემ გააფორმა საპროცესო შეთანხმება, 1 წლით და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა და პირობით მსჯავრთან დაკავშირებით გავაფორმეთ საპროცესო შეთანხმება. ყველა მსჯავრდებულმა თავად მომართა პროკურატურას განცხადებით საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მათ დაესვა კითხვები სასამართლოს მხრიდან, მათი აღიარება იყო თუ არა ნებაყოფლობითი და მათ მიმართ რაიმე უკანონო ქმედებას ხომ არ ჰქონია ადგილი ამ პროცესში. მათ დაადასტურეს, რომ ისინი ნებაყოფლობით აღიარებდნენ როგორც ბრალად წარდგენილ ქმედებას, ასევე ითხოვდნენ გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება, რაც ბრალდების მხარეს ჰქონდა წარდგენილი და რაზეც არსებობდა მათი ხელმოწერები. რაც შეეხება იმას, სასამართლო დააკმაყოფილებს თუ არა, ეს უკვე გვეცოდინება ხვალ“, - განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ზურაბ ჭავჭანიძისა და დანარჩენი პირების სასამართლო პროცესი გაიმართა.