ირაკლი ფავლენიშვილი - კლანური ბრძოლა მთლიანად შეიწირავს ივანიშვილის მთლიან პარტიულ ორგანიზმს

ირაკლი ფავლენიშვილი - კლანური ბრძოლა მთლიანად შეიწირავს ივანიშვილის მთლიან პარტიულ ორგანიზმს

ეს ფილმი უკვე ძალიან ბევრჯერ გვაქვს ნანახი, როგორ ხდება ხოლმე კლანურ ბრძოლაში წაგების შემდეგ, კონკრეტული ჯგუფის მთლიანად განეიტრალება, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი ფავლენიშვილი გელა გელაძის მიერ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობის დატოვებას.

როგორც მან აღნიშნა, „ეს კლანური ბრძოლა მთლიანად შეიწირავს ივანიშვილის მთლიან პარტიულ ორგანიზმს“.

„ეს ფილმი, შეიძლება ითქვას, რომ უკვე ძალიან ბევრჯერ გვაქვს ნანახი როგორ ხდება ხოლმე კლანურ ბრძოლაში წაგების შემდეგ კონკრეტული ჯგუფის მთლიანად განეიტრალება. როგორ ქმნიან ხოლმე მათთვის გარკვეულ თანამდებობებს, გადაჰყავთ ხოლმე თითქოსდა სხვა თანამდებობაზე, უფრო აქვეითებენ, შემდეგში როგორ აშორებენ მთლიანად ხელისუფლებას და ზოგადად, „ოცნებას“. თავიდანვე გასაგები იყო ეს. ამ დროსაც იტყუებოდნენ, რომ თითქოს არანაირ კლანურ ბრძოლაში წაგებასა და საკადრო წმენდასთან არ გვქონდა საქმე. თუმცა გამოჩნდა, რომ ამ დაჯგუფების ყველა წევრი არის ჩამოშორებული პოლიტიკას და საბოლოოდ, ეს კლანური ბრძოლა მთლიანად შეიწირავს ივანიშვილის მთლიან პარტიულ ორგანიზმს“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, გელა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, გელა გელაძის მიერ თანამდებობის დატოვება ახალ პოზიციაზე გადასვლას უკავშირებდა.

გელა გელაძის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 14 სექტემბერს განაცხადა. მანამდე გელა გელაძე სუს-ის უფროსი იყო. სუს-ში გადასვლამდე კი გელა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.