შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდება მხოლოდ მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდება მხოლოდ მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდება.
შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა წარუდგინა. იონათამიშვილის განმარტებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, უფრო მოქნილ და ეფექტიან საშუალებას პერსონალურ ასისტენტთან არა შრომითი ხელშეკრულების, არამედ სწორედ მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება წარმოადგენს.
ინიციატივა პარლამენტში თავდაპირველად საკანონმდებლო პაკეტის სახით შევიდა. მთავარ კანონს - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონს, „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებიც ახლდა თან, რომელიც ინიციატორმა მოგვიანებით უკან გაიწვია. გაწვეული ცვლილებები პერსონალური ასისტენტის ანაზღაურების დაბეგვრის საკითხს არეგულირებდა და ადგენდა, რომ თუ პერსონალური ასისტენტი ფიზიკური პირი იყო, მისი შემოსავალი 2%-ით დაიბეგრებოდა. იონათამიშვილის თქმით, კონსულტაციების შედეგად გამოიკვეთა, რომ პერსონალური ასისტენტის დაბეგვრასთან დაკავშირებით „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების განხორციელება საჭირო არ არის.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონის საფუძველზე, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შეუძლიათ პერსონალური ასისტენტის სერვისით ისარგებლონ. აღნიშნული სერვისი ხორციელდება სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში - კერძოდ, პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის საფუძველზე. პროგრამას მუნიციპალიტეტები ახორციელებს.
როგორც რატი იონათამიშვილმა საკომიტეტო განხილვისას აღნიშნა, პროგრამა 2027 წლის ბიუჯეტიდან 20-მილიონი ლარით დაფინანსდება.

























