პოლონეთში აშშ-ის ელჩი - საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო განვითარებული მოვლენები ძალიან სერიოზულია

პოლონეთში აშშ-ის ელჩი - საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო განვითარებული მოვლენები ძალიან სერიოზულია

საკონსტიტუციო ტრიბუნალის გარშემო განვითარებული მოვლენები ძალიან სერიოზულია, - ამის შესახებ პოლონეთში აშშ-ის ელჩი, ტომ როუზი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენ უპრეცედენტო დაპირისპირების მოწმენი ვართ, რომელიც უკავშირდება მთავრობის მიერ სახელმწიფო ძალაუფლების გამოყენებას და საკონსტიტუციო ორგანოს დამოუკიდებლობასა და უფლებამოსილებას. ორივე მხარე სრულიად განსხვავებულ ვერსიებს გვთავაზობს იმის შესახებ, თუ რა მოხდა და რატომ. ის, რაც ახლა პოლონეთს ყველაზე ნაკლებად სჭირდება, დაპირისპირებაა, რომელიც შეიძლება გაცილებით უარეს მოვლენებში გადაიზარდოს“, - წერს აშშ-ის ელჩი X-ზე.

მისი თქმით, აშშ პოლონეთის მხარეს არის და მის მხარდაჭერას განაგრძობს.

„ჩვენი ადგილი არ არის, რომ პოლონეთის შიდა საქმეებში ჩავერიოთ ან იგი განვსაჯოთ. ჩვენ ვზრუნავთ იმ ქვეყნის სტაბილურობაზე, უსაფრთხოებასა და დემოკრატიულ მომავალზე, რომელსაც მეგობარსა და მოკავშირეს სიამაყით ვუწოდებთ“, - აცხადებს ელჩი.

შეგახსენებთ, პარასკევს საღამოს პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან ერთმანეთს სამართალდამცავები და დემონსტრანტები დაუპირისპირდნენ. ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ტრიბუნალის ვებგვერდზე მოსამართლე ანა კორვინ-პიოტროვსკას ბრძანება გამოქვეყნდა, რომლითაც ტრიბუნალის თავმჯდომარეს, ბოგდან შვეჩკოვსკისა და მის მოადგილეს, ბარტოშ შოჩანსკის უფლებამოსილება შეუჩერდათ.

მოგვიანებით, პლატფორმა X-ზე საკონსტიტუციო ტრიბუნალის გვერდზე განცხადება გავრცელდა, რომ ტრიბუნალის ვებგვერდი მიიტაცეს, ხოლო თავმჯდომარე ბოგდან შვეჩკოვსკი მოვალეობის შესრულებას განაგრძობდა.

პარტია „კანონისა და სამართლიანობის“ ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის მთავრობა ძალის გამოყენებით საკონსტიტუციო ტრიბუნალის მიტაცებაში დაადანაშაულა.

პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობასთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. მოგვიანებით, ვითარება კვლავ დაიძაბა მას შემდეგ, როდესაც ადგილზე პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი მივიდა და შენობაში შესვლა სცადა.