Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგი კვლავ უცვლელად, BB დონეზე დატოვა

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის 30 ოქტომბერს, საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგი კვლავ უცვლელად, BB დონეზე დატოვა.
როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყნის შეფასების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო განაგრძობს ეკონომიკურ და ფისკალურ მდგრადობას.
„რეიტინგის პოზიტიური პერსპექტივა საერთაშორისო რეზერვების სწრაფი დაგროვებით, მიმდინარე ანგარიშის დაბალი დეფიციტითა და მაღალი ეკონომიკური ზრდით არის განპირობებული. საქართველოს რეიტინგს, ასევე, აძლიერებს განხორციელებული გონივრული ფისკალური პოლიტიკა, მთავრობის ზომიერი ვალი და სტაბილური საბანკო სისტემა.
სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ მიუხედავად გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკებისა და მაღალი ენერგეტიკული ფასებისა, ქვეყანა ინარჩუნებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, რაც ინვესტიციებითა და ექსპორტის მაღალი ზრდით არის განპირობებული. ქვეყნის საშუალო ეკონომიკური ზრდა 2023-2025 წლების პერიოდში 8%-ს აღემატებოდა. Fitch Ratings მოელის, რომ საშუალოვადიან პერიოდშიც საქართველოს რეალური ეკონომიკური ზრდა მისი მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებზე მაღალ მაჩვენებელზე დაფიქსირდება.
ასევე, სააგენტო საქართველოს ფისკალური პოლიტიკის ჩარჩოს კვლავ გონივრულად და გამჭვირვალედ აფასებს, რასაც თან ახლავს განხორციელებული სტრუქტურული რეფორმები, რაც მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და გაუმჯობესებულ ბიზნესგარემოს უწყობს ხელს. ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის მიმართ ბევრად დაბალია, ვიდრე ფისკალური წესით დაშვებული ზღვარი, ხოლო ვალი მშპ-სთან მიმართებით კლებადი ტენდენციით ხასიათდება და საგარეო ვალი მეტწილად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან აღებული კონცესიური სესხებისგან შედგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























