ირმა ინაშვილი - ეს ხომ თავიდან ბოლომდე შეკერილი თემა იყო, რაც დიტო ჩუბინიძესთან მიმართებაში ვიხილეთ? - ჩვენ თვალს ვადევნებთ ქვეყანაში ტოტალური შიშის დათესვის პროცესს

ეს ხომ თავიდან ბოლომდე შეკერილი თემა იყო, რაც დიტო ჩუბინიძესთან მიმართებაში ვიხილეთ, მას აბსოლუტურად აბსურდული ბრალი წაუყენეს, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ინაშვილის თქმით, ქვეყანაში ტოტალური შიშის დათესვის პროცესი მიმდინარეობს, რადგან თუ ადამიანებს გარკვეულ საკითხებზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიმართ კრიტიკული კითხვები აქვთ, მათ სამშობლოს ღალატის მუხლით უყენებენ ბრალს.
„ბატონი კობახიძე თავად ადასტურებს, რომ არანაირი წინსვლა და პროგრესი სადემარკაციო კომისიის საქმიანობას ბოლო წლების განმავლობაში არც მისი პრემიერობის პერიოდში არ მოჰყოლია და ჩვენ სწორედ ამას ვამბობდით, რომ ამ კომისიის საქმიანობა არ არის საჯარო, ბევრი შეკითხვაა დაგროვილი, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩიჩხიტურზე დგანან და არ გვაქვს პასუხები, რატომ დგანან და ამის ფონზე კიდევ ერთი ტრაგიკომიკური შეკითხვა ჩნდება - ამ კომისიას, თავად კობახიძის განცხადებით, არანაირი შედეგი რომ არ დაუდია, დღემდე წინსვლა და პროგრესი რომ არ გვაქვს, რანაირად შეაფერხებდა დიტო ჩუბინიძის ჟურნალისტური საქმიანობა ამ კომისიის მუშაობას? ეს ხომ თავიდან ბოლომდე შეკერილი თემა იყო, რაც დიტო ჩუბინიძესთან მიმართებაში ვიხილეთ, რომ ჟურნალისტმა ინტერვიუ ჩაწერა, მერე ჟურნალისტადაც არ მოიხსენიებდნენ. მას აბსოლუტურად აბსურდული ბრალი წაუყენეს.
ნებისმიერი საკითხი, რომელიც არ უნდა ავიღოთ, იქნება ეს დავით-გარეჯი, არაბული ქალაქები, განათლების რეფორმა თუ პატიმრების საკითხი, ხშირად გვაქვს კრიტიკული კითხვები, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ყველა სამშობლოს მოღალატედ გამოაცხადო და ასე უდიერად გამოიყენო 2025 წელს აღდგენილი მუხლი.
ჩვენ თვალს ვადევნებთ ქვეყანაში ტოტალური შიშის დათესვის პროცესს. ამ სურათმა ხალხში დატოვა განცდა, რომ თუ პრემიერზე რამეს იტყვი, თუ შეკითხვას დასვამ, თუ ჟურნალისტურ გამოძიებას აწარმოებ, ისეთს, რომელიც მას შეეხება, სამშობლოს მოღალატედ გამოგაცხადებენ. პირდაპირ სამშობლოს ღალატის მუხლს მიგისადაგებენ, ამ უმძიმეს მუხლს. ამის გამოყენება ასე უდიერად, ასე უპასუხისმგებლოდ, ძალიან დამანგრეველია ამ ქვეყნისთვის”, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

























