ლევან სამუშია - კოლექტიური გასამართლება ადრეულ შუა საუკუნეებშიც კი არ იყო და დღეს გვეუბნებიან, რომ კოლექტიური მართლმსაჯულება უნდა მოხდეს! - სარჩელში სამართლის ნატამალს ვერ იპოვით! ეს არის ქვეყნისთვის ცუდ განზრახულობათა კრებული

კოლექტიური მართლმსაჯულება და კოლექტიური გასამართლება ადრეულ შუა საუკუნეებშიც კი არ იყო და დღეს ეს ხალხი გვეუბნება, რომ კოლექტიური მართლმსაჯულება უნდა მოხდეს! - საკონსტიტუციო სარჩელში გამიჯვნა, ზღვარიც კი არ არის, თუ სად იწყება ერთი პარტიის მიმართ ბრალდება და სად სრულდება მეორე პარტიის მიმართ ბრალდება! ქმედებათა ინდივიდუალიზაცია სამართლის ანა-ბანაა, მაგრამ ამას ვერ გააკეთებდნენ, რადგან სულ რომ მსოფლიო იურისტები მოიყვანონ, „ლელოსთან“ დაკავშირებით რაიმე სახის სამართლებრივად მაკომპრომეტირებელს ვერ მოძებნის და წარმოადგენს, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარტია “ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლევან სამუშიამ განაცხადა.
სამუშიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი თავიდან ბოლომდე ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, კონსტიტუციის სულისკვეთებას და მიმართულია დემოკრატიული წესწყობილების წინააღმდეგ. სამუშიას განმარტებით, საკონსტიტუციო სარჩელში “ერთი მისხლითაც“ არ არის მინიშნება, რაც დაადასტურებს, რომ პარტია “ლელო“ ახორციელებს იმ დაუშვებელ ქმედებათა ჩამონათვალს, რასაც საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს.
“ლელოსთან“ დაკავშირებით არა თუ პარტიის ქმედებები და ქმედებათა ჯაჭვი, არამედ პარტიის წევრებისა და გადაწყვეტილებების მიმღები პირების ვერც ერთ განცხადებას ვერ მოიყვანთ, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და საქართველოს კანონმდებლობასთან მოდის წინააღმდეგობაში.
მოდელირებისათვის - ვთქვათ, რომ რომელიღაც X პარტიის ერთი თუ ორი წევრი შეიშალა, შეუძლებელია, რომ მათი ქმედება პარტიას შეერაცხოს. ეს არის სამართლისა და კონსტიტუციის შეურაცხყოფა. მე აქ წარმოდგენილი პირების კომპეტენციაში ეჭვი არ მეპარება და შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს ამ ადამიანებმა არ იციან, მაგრამ ეშმაკი მოტივებშია დამალული და მთავარი მოტივებია!
სწორად შენიშნეთ: - მეტი სამართალი და ნაკლები პოლიტიკა, მაგრამ ეს კონსტიტუციური სარჩელი არ მაძლევს შესაძლებლობას, რომ იყოს მეტი სამართალი და ნაკლები პოლიტიკა! სარჩელში სამართლის ნატამალს ვერ იპოვით! ეს არ არის პოლიტიკურ განზრახულობათა - ქვეყნისთვის ცუდ განზრახულობათა კრებული, რომელსაც მორგებულია კონსტიტუციის 23-ე მუხლი, თუმცა სამართალთან და საკონსტიტუციო სარჩელთან კავშირი არ გააჩნია“, - განაცხადა ლევან სამუშიამ სასამართლო სხდომაზე.

























