საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მე-12 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მე-12 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების, გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტის ჰიდროგეოლოგიისა, საინჟინრო-გეოლოგიის ინსტიტუტისა და სტუ-ის ორგანიზებით, მე-12 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა“ - გაიხსნა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, ორდღიანი კონფერენციის მიზანია სამთო საქმისა და გეოლოგიის სფეროში არსებული აქტუალური საკითხების განხილვა, სამეცნიერო კვლევებისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება, დარგის განვითარების პერსპექტივების განსაზღვრა და მინერალური რესურსების ეფექტიანი გამოყენების მნიშვნელობის წარმოჩენა ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების პროცესში.

კონფერენცია, რომელიც ქართველი და უცხოელი მეცნიერების, მკვლევრებისა და დარგის სპეციალისტების წარმომადგენლებს აერთიანებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ (პრეზიდენტმა), გახსნა. როგორც პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ განაცხადა, სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებისთვის. მისი თქმით, მსგავსი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციები ხელს უწყობს დარგში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, თანამედროვე სამეცნიერო მიდგომების გაცნობას და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.

„სამთო საქმე და გეოლოგია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია. საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი მინერალურ-რესურსული პოტენციალი, რომლის ეფექტიანი და პასუხისმგებლიანი გამოყენება თანამედროვე სამეცნიერო ცოდნას, ტექნოლოგიურ განვითარებასა და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს მოითხოვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუნებრივი რესურსების ათვისების პროცესში გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. დარწმუნებული ვარ, კონფერენცია ხელს შეუწყობს პროფესიულ დიალოგს, ახალი სამეცნიერო იდეების წარმოჩენასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას. მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს, მონაწილეებსა და მხარდამჭერებს და წარმატებულ მუშაობას ვუსურვებ კონფერენციას“, - განაცხადა პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ.

კონფერენციას ესწრებოდა მხარდამჭერი კომპანია RMG-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯონი შუბითიძე. მისი განცხადებით, სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, ხოლო დარგის მდგრადი განვითარება თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობასა და პროფესიონალთა გამოცდილების გაზიარებას მოითხოვს. მისივე თქმით, RMG, როგორც სამთო სექტორში მოქმედი კომპანია, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს დარგის განვითარებასა და აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობას. ამასთან, კომპანია მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ხელს უწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებასა და დასაქმებას, წარმატებულ სტუდენტებს კი სტიპენდიებს უნიშნავს, რითაც მათ სწავლისა და პროფესიული წინსვლის მოტივაციას უძლიერებს. RMG-ისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს უწყობს სამთო საქმისა და გეოლოგიის სამეცნიერო და პრაქტიკული პოტენციალის გაძლიერებას და დარგისთვის კვალიფიციური ახალგაზრდა კადრების მომზადებას.

სტუ-ის ინფორმაქციით, კონფერენციის ძირითადი თემატიკა მოიცავს სამთო საქმისა და გეოლოგიის აქტუალურ პრობლემებს, მინერალური რესურსების როლს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში, ბუნებრივ საფრთხეებსა და გარემოს დაცვას, თანამედროვე სამთო ტექნოლოგიებს, გეოლოგიასა და გეოფიზიკას.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ ერთმანეთს გაუზიარონ კვლევის შედეგები და განიხილონ დარგის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები. მასალები გამოქვეყნდება თეზისების სახით, მონაწილეებს კი გადაეცემათ სერტიფიკატები. კონფერენციის მხარდამჭერია კომპანია RMG.