ლევან ბეჟაშვილი - დარწმუნებული ვარ, ოპოზიციური პარტიები შეძლებენ გაერთიანებას, ეს ვერ იქნება ინსტიტუციურ-ორგანიზაციული გაერთიანებები, თუმცა, როდესაც ქუჩაში აქტიური პოლიტიკური პროცესი დაიწყება, ყველა პარტია ერთიანობას იპოვის

როდესაც ქუჩაში აქტიური პოლიტიკური პროცესი დაიწყება, ბუნებრივია, ამ პოლიტიკურ პროტესტში ყველა პარტია ერთიანობას აუცილებლად იპოვის, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი ოპოზიციური ძალების სამომავლო გეგმებს.
მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ პარტიებს შორის ინსტიტუციური და ორგანიზაციული გაერთიანება ვერ მოხდება, საერთო პოლიტიკური პროტესტი ოპოზიციურ ერთიანობას მაინც უზრუნველყოფს.
ბეჟაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი პროევროპული პარტიების სრულ გაუქმებას ცდილობს, რის გამოც ოპოზიცია საკუთარი ინტერესების დაცვას და პარტიული სტატუსის შენარჩუნებას ევროპულ სასამართლოში შეეცდება
„დარწმუნებული ვარ, ოპოზიციური პარტიები შეძლებენ პოლიტიკურ პროცესებში გაერთიანებას. ეს ვერ იქნება ინსტიტუციურ-ორგანიზაციული გაერთიანებები, თუმცა, როდესაც ქუჩაში აქტიური პოლიტიკური პროცესი დაიწყება, ბუნებრივია, ამ პოლიტიკურ პროცესსა და პოლიტიკურ პროტესტში ყველა პარტია ერთიანობას აუცილებლად იპოვის. პოლიტიკური პროცესი დინამიკურია, ყოველთვის აქვს პიკი, ასევე თავისი ვარდნა. ეს პროცესი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი საზოგადოებრივი პროცესები მიმდინარეობს“, - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.
მისივე თქმით, ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ მთელი პროევროპული პარტიები გააუქმოს.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა პარტია გადავარჩინოთ და პარტიას მოვუპოვოთ სტატუსი. ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლოში ამის იმედი არ გვაქვს და ევროსასამართლოში შევეცდებით, რომ პარტიის ინტერესები დავიცვათ“, - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა

























