საია პატიმარ გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ ვრცელ შეფასებას ავრცელებს

2026 წლის ოქტომბერში გავრცელებული ბრალდებები პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ თავისუფლებააღკვეთილ პირ გიორგი დავითაძეზე სავარაუდო სექსუალური ძალადობის, ასევე, ამ და სხვა პირების მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ, საჭიროებს ეფექტიან, დამოუკიდებელ და ობიექტურ გამოძიებას, - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარ გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ გამოქვეყნებულ შეფასებაშია ნათქვამი.
როგორც საია წერს, ჩატარებული გამოძიების სანდოობასთან დაკავშირებით საზოგადოების ლეგიტიმურ კითხვებს აძლიერებს ბოლო წლებში სახელმწიფოს წარმომადგენელთა მხრიდან დემონსტრაციების მონაწილეების მიმართ არასათანადო მოპყრობის გახმაურებული შემთხვევების არაეფექტიანი გამოძიება და ინსტიტუციური ჩარჩოს გაუარესება.
„იმის გათვალისწინებით, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა, თავისთავად, არ იძლევა სექსუალური ძალადობის ფაქტის გამორიცხვის შესაძლებლობას. განსაკუთრებით პრობლემურია მაღალი თანამდებობის პირების წინასწარი და კატეგორიული განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება. მიმდინარე გამოძიების დროს გაკეთებული ეს განცხადებები და მათ შემდგომ, მალევე გამოძიების დასრულება საზოგადოებაში აჩენს დამატებით კითხვებს და საფუძვლიან ეჭვს გამოძიების მიუკერძოებლობასა და სანდოობაზე.
საია, გიორგი დავითაძის საქმის ობიექტური დოკუმენტირებისა და შეფასების მიზნით, ამ ფაქტის გახმაურებიდან პირველივე დღეებში აგროვებდა მონაცემებს. ამ პროცესში საიას მეთოდოლოგია ეფუძნებოდა ინფორმაციის ღია წყაროებთან მუშაობის ეთიკურ პრინციპებს „ბერკლის პროტოკოლის“ შესაბამისად, ასევე, „სტამბოლის პროტოკოლს“ - წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის ეფექტიანი გამოძიებისა და დოკუმენტირების სახელმძღვანელოს. ფაქტის დოკუმენტირების მიზნით, 2026 წლის 7 ოქტომბერს საია უშუალოდ შეხვდა პატიმარ გიორგი დავითაძეს. მანამდე, 6 ოქტომბერს, საიას ადვოკატი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ასევე შეხვდა საბა სხვიტარიძეს, რომლის ინტერესებსაც ორგანიზაცია წამების სხვა საქმეზე იცავს.
საგანგაშოა, რომ 7 ოქტომბერს გიორგი დავითაძესთან შეხვედრის შემდგომ პენიტენციური დაწესებულების დატოვებისას საიას ადვოკატს არ მისცეს პატიმართან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება, რაც საადვოკატო და ორგანიზაციის უფლებადაცვით საქმიანობაში უხეში ჩარევაა. საიას ადვოკატი დამატებით 12 ოქტომბერსაც იმყოფებოდა გ. დავითაძის მოსანახულებლად.
საყურადღებოა, რომ გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, არაერთმა პატიმარმა გაავრცელა ინფორმაცია მათ მიმართ სავარაუდო ძალადობის შესახებ გავრცელებულ ბრალდებათა ნაწილი გიორგი დავითაძის მიმართ გამოხატული სოლიდარობის გამო სხვა პატიმრების დასჯას ეხება, ხოლო ნაწილი ძალადობის ისეთ შემთხვევებს აღწერს, რომელიც გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო ძალადობის ინციდენტთან კავშირში არ არის”, - ნათქვამია საიას შეფასებაში.

























