პენიტენციური სამსახური მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ადვოკატის განცხადებაზე - ჩანაწერების გატანაზე შეზღუდვის დაწესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

პენიტენციური სამსახური მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ადვოკატის განცხადებაზე - ჩანაწერების გატანაზე შეზღუდვის დაწესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ადვოკატ დარეჯან სულაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მას ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდადებულ გელა ისაშვილთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული ჩანაწერების დაწესებულებიდან გატანის შესაძლებლობას არ აძლევდნენ, - ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც პენიტენციური სამსახური წერს, ადვოკატ დარეჯან სულაშვილის მიერ დაწესებულებიდან გასატან ჩანაწერს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან ჩაუტარდა ვიზუალური შემოწმება შინაარსის გაცნობის გარეშე, ამის შემდეგ კი ჩანაწერი ისევ ადვოკატს გადაეცა.

„აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ, პენიტენციური კოდექსის 115-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ბრალდებულს/მსჯავრდადებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. პენიტენციური დაწესებულების მიერ ბრალდებულის/მსჯავრდადებულის სახელზე მიღებული წერილის მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე, ბრალდებულის/მსჯავრდადებულის წერილის ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს დაწესებულება. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ბრალდებულის/მსჯავრდადებულის კორესპონდენცია მოწმდება. შემოწმება მოიცავს კორესპონდენციის ვიზუალურ დათვალიერებას მისი შინაარსის გაცნობის გარეშე, ხოლო, უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურე უფლებამოსილია, გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და, საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა.

აღნიშნულ შემთხვევაში ადვოკატ დარეჯან სულაშვილის მიერ დაწესებულებიდან გასატან ჩანაწერს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან ჩაუტარდა ვიზუალური შემოწმება შინაარსის გაცნობის გარეშე, რის შემდეგაც ჩანაწერი ადვოკატს გადაეცა. ამდენად, ადვოკატისთვის ჩანაწერების გატანაზე შეზღუდვის დაწესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ ადვოკატს მიეცა მასალის დაწესებულებიდან გატანის შესაძლებლობა”, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ლაითურის ციხეში, პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატი იმ მსჯავრდებულთან იყო შესული, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის ოქროს მოწმეა - საუბარია გელა ისაშვილზე.

ცნობისთვის, გიორგი დავითაძის ადვოკატმა დარეჯან სულაშვილმა განაცხადა, რომ ლაითურის ციხეში, მსჯავრდადებულ გელა ისაშვილთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული ჩანაწერების დაწესებულებიდან გატანის შესაძლებლობას არ აძლევდნენ.