თორნიკე ართქმელაძე - „ძლიერი საქართველო - ლელოს“ არათუ არასდროს დაურღვევია კონსტიტუცია, არც ასეთი მოწოდება გაუკეთებია - პატივცემულო პლენუმის წევრებო, მოგიწოდებთ არ დააკმაყოფილოთ სარჩელი და არ გამოაცხადოთ არაკონსტიტუციურად პარტია

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ არათუ არასდროს დაურღვევია საქართველოს კონსტიტუცია, არც ასეთი მოწოდება გაუკეთებია - პატივცემულო პლენუმის წევრებო, მოგიწოდებთ არ დააკმაყოფილოთ სარჩელი და არ გამოაცხადოთ არაკონსტიტუციურად პარტია, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წარმომადგენელმა, თორნიკე ართქმელაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში, მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტების წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, „იმ შემთხვევაში თუ პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს ამ ქვეყანას რამდენიმე ათეული წლით უკან დახევს“.
„დღეს ნამდვილად მსურს ყოველგვარი ფორმალობების გარეშე მოგიწოდოთ, რომ ეს სარჩელი არ დააკმაყოფილოთ! არ დააკმაყოფილოთ ორი მიზეზიდან გამომდინარე: 1. პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც წარმოვადგენ, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ, რომლის პოლიტსაბჭოს წევრიც ვარ და მის მიერ გადაწყვეტილებების მიღებაში ვმონაწილეობ, არათუ არასდროს არ დაურღვევია საქართველოს კონსტიტუცია, არც ასეთი მოწოდება გაუკეთებია. მეტსაც გეტყვით, ამ პოლიტიკურ პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც ყველა მეთოდით დაიცავენ საქართველოს კონსტიტუციას, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი გზით. რაც შეეხება მეორე საფუძველს, მჯერა ამ ქვეყნის მომავალი ყველას ერთნაირად გვაღელვებს, გვადარდებს და ამ ქვეყნის პატრიოტები ვართ. ამიტომ ჩემი მიზანია დაგარწმუნოთ, რომ იმ შემთხვევაში თუ სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს ამ ქვეყანას რამდენიმე ათეული წლით უკან დახევს, ამის ღრმად მწამს. ამ ორი საფუძვლიდან გამომდინარე, პატივცემულო პლენუმის წევრებო, მოგიწოდებთ არ დააკმაყოფილოთ სარჩელი და არ გამოაცხადოთ არაკონსტიტუციურად „ძლიერი საქართველო - ლელო“, - განაცხადა თორნიკე ართქმელაძემ.

























