ბადრი ჯაფარიძე - პარადოქსია: ადამიანები, რომლებმაც 2022 წელს საპარლამენტო მანდატი შემიწყვიტეს, დღეს პარლამენტში არშესვლის გამო ბრალდებას მიყენებენ! - ასევე, ვინც პარლამენტში შევიდა, ისინიც აქვე არ სხედან იმ პარტიებს შორის, რომელთა აკრძალვასაც ითხოვთ?!

ბადრი ჯაფარიძე - პარადოქსია: ადამიანები, რომლებმაც 2022 წელს საპარლამენტო მანდატი შემიწყვიტეს, დღეს პარლამენტში არშესვლის გამო ბრალდებას მიყენებენ! - ასევე, ვინც პარლამენტში შევიდა, ისინიც აქვე არ სხედან იმ პარტიებს შორის, რომელთა აკრძალვასაც ითხოვთ?!

პარადოქსია: ადამიანები, რომლებმაც 2022 წელს პირადად მე, პირდაპირი დავალებით, საპარლამენტო მანდატი შემიწყვიტეს, დღეს პარლამენტში არშესვლის გამო ბრალდებას მიყენებენ! - საპარლამენტო მანდატის შეწყვეტის ხვედრი 2022 წელს უკვე მეორედ მარგუნა ბედმა. თავის დროზე, მე, როგორც დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერს და პარლამენტის წევრს, იარაღის ძალით შემიწყვიტეს პარლამენტის მანდატი, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, ბადრი ჯაფარიძემ, საკონსტიტუციო სასამართლოში, მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტების წარდგენისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „გასული საუკუნის 90-იან წლებშიც და ახლაც, ამ პროცესების უკან იდგა და დგას საქართველოს ეროვნული ინტერესების ის დაუძინებელი მტერი, რომლისთვისაც დამოუკიდებელი, დემოკრატიულ დასავლეთთან ინტეგრირებული საქართველო მიუღებელია“.

„დღეს „ქართული ოცნება“ კიდევ ერთ სრულიად აბსურდულ ბრალდებას გვიყენებს და გვადანაშაულებს ვითომდა კონსტიტუციის დარღვევაში, „პარლამენტში რატომ არ შეხვედითო?“ - ვინც პარლამენტში შევიდა, ისინიც აქვე არ სხედან იმ პარტიებს შორის, რომელთა აკრძალვასაც ითხოვთ?!

2008 წელს, არჩევნებში დადგენილი დარღვევების გამო, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლებმა დახიეს საპარლამენტო მანდატები, პროტესტის ნიშნად. ჩვენ შემთხვევაში, ჩვენი მანდატები გააუქმა „ქართულმა ოცნებამ“. თუკი განცხადებით მიმართვა და ზოგადად, ეს აქტი არის კონსტიტუციური შინაარსით, მაშინ „ქართული ოცნება“ თანამონაწილე ყოფილა ამ აქტით, რადგან ჩვენ მივმართეთ განცხადებით და მათ გააუქმეს. დღეს კი გვიყენებენ, როგორც ბრალდებას. პარადოქსია, ადამიანებმა, რომლებმაც 2022 წელს პირადად მე, პირდაპირი დავალებით, საპარლამენტო მანდატი შემიწყვიტეს, დღეს პარლამენტში არშესვლის გამო ბრალდებას მიყენებენ!

რაც შეეხება 2022 წელს საპარლამენტო მანდატის შეწყვეტას, თეა წულუკიანმა ინტერვიუში თქვა, რომ „სააკაშვილი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყენებდა მოსამართლეებს: არევაძეს, ჯორბენაძესა“ და ასახელებს სხვა გვარებსაც. თუკი ეს მოსამართლეები ქალბატონი წულუკიანის სიტყვებით მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ დავალებებს ასრულებდნენ, მაშინ მნიშვნელოვანია სასამართლომ და საზოგადოებამ იცოდეს, რომ 2022 წელს „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ მოსამართლე არევაძის გადაწყვეტილების საფუძველზე შემიწყვიტა საპარლამენტო უფლებამოსილება და მისი ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სწორედ მოსამართლე ჯორბენაძის თავმჯდომარეობით სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ. უნდა ითქვას, რომ ეს სასამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სტრასბურგის სასამართლოში, რომელმაც მოკლე ვადებში მიიღო წარმოებაში ეს საქმე და ამჟამად ველოდებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

საპარლამენტო მანდატის შეწყვეტის ხვედრი 2022 წელს უკვე მეორედ მარგუნა ბედმა. 1990 წელს ჩვენ არჩევნების გზით დავამარცხეთ კომუნისტური პარტია. 1991 წელს კი, ზვიად გამსახურდიას ლიდერობით, საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა შევძელით და ხელი მოვაწერე დამოუკიდებლობის დეკლარაციას. ამის შემდეგ იარაღით მოხდა კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობა. და მე, როგორც დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერს და პარლამენტის წევრს, იარაღის ძალით შემიწყვიტეს პარლამენტის მანდატი.

კიდევ ერთი პარადოქსია, მაგრამ ბევრი ის ადამიანი, ვინც მაშინ კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობაში მონაწილეობდა, ან, სულ მცირე, სიმპათიას არ მალავდა შეიარაღებული გადატრიალების მონაწილეებისა და თავად ამ პროცესის მიმართ, მიზანდასახულად ებრძოდა დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას, დღეს ხელისუფლებაშია და ჩვენ დამოუკიდებელი საქართველოს ევროპული მომავლისა და ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერისთვის, ამჯერად იარაღის გარეშე და სახელისუფლებო ბერკეტების გამოყენებით ცდილობს კიდევ ერთხელ შემიწყვიტონ, ამჯერად არა მხოლოდ საპარლამენტო მანდატი, არამედ პოლიტიკოსის და ხალხის წარმომადგენლობითი მანდატი.

ჩვენ ვართ ქართული სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მებრძოლები და ჩვენი მაშინდელი და დღევანდელი მდევნელები არიან საქართველოს პატრიოტები?! ესეც კიდევ ერთი პარადოქსი! არადა სწორედ რომ ჩვენ, ჩვენი მხარდამჭერები და საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ვართ ქართული სახელმწიფოს ინტერესების დამცველები! მაშინაც და ახლაც ამ პროცესების უკან იდგა და დგას საქართველოს ეროვნული ინტერესების ის დაუძინებელი მტერი, რომლისთვისაც დამოუკიდებელი, დემოკრატიულ დასავლეთთან ინტეგრირებული საქართველო მიუღებელია!“- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.