საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა Vinifera EuroMaster-ის კონსორციუმის პარტნიორთა ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა Vinifera EuroMaster-ის კონსორციუმის პარტნიორთა ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში მოქმედი საერთაშორისო საგანმანათლებლო კონსორციუმის - Vinifera EuroMaster-ის პარტნიორთა ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლა,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით ღონისძიების ფარგლებში ევროპელმა პარტნიორებმა განიხილეს დარგის სამეცნიერო განვითარების თანამედროვე ტენდენციები, გაეცნენ უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევით ინფრასტრუქტურას და იმსჯელეს საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.

უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრაში შვიდი ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 14 წარმომადგენელი მონაწილეობდა. პარტნიორებს შორის იყვნენ მონპელიეს აგროინსტიტუტი (L’Institut Agro Montpellier, საფრანგეთი), შანგენის მევენახეობისა და ენოლოგიის უმაღლესი სკოლა (Changins Haute École de Viticulture et Œnologie, შვეიცარია), ტურინის უნივერსიტეტი (Università degli Studi di Torino, იტალია), გეიზენჰაიმის უნივერსიტეტი (Hochschule Geisenheim University, გერმანია), ლისაბონის უნივერსიტეტის აგრონომიის უმაღლესი ინსტიტუტი (Instituto Superior de Agronomia, Universidade de Lisboa, პორტუგალია), მადრიდის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (Universidad Politécnica de Madrid, ესპანეთი) და უდინეს უნივერსიტეტი (Università degli Studi di Udine, იტალია). დელეგაციას ხელმძღვანელობდა მონპელიეს აგროინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, პროფესორი პატრის ლალემანი.

შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა გახსნა. მან ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ევროპულ უნივერსიტეტებთან პარტნიორობის განვითარების პერსპექტივებსა და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების როლზე მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადების საქმეში.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის Vinifera EuroMaster-ის კონსორციუმის პარტნიორთა ყოველწლიური შეხვედრის მასპინძლობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ევროპულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა და გავაფართოოთ ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინიციატივები. ამ პარტნიორობის განსაკუთრებული ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ იგი ხელს უწყობს ქართული მევენახეობისა და მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების თანამედროვე ევროპულ სამეცნიერო ცოდნასთან დაკავშირებას და ქმნის საფუძველს დარგის განვითარებისათვის საჭირო ახალი კომპეტენციების ჩამოყალიბებისთვის.

ჩვენი მიზანია, საერთაშორისო თანამშრომლობა კონკრეტულ აკადემიურ და სამეცნიერო შედეგებში აისახოს, ხელი შეუწყოს ცოდნის გაცვლას, თანამედროვე კვლევითი მიდგომების დანერგვასა და სტუდენტებისთვის პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას. ევროპელ კოლეგებთან უშუალო შეხვედრები, სასწავლო და კვლევითი გარემოს გაცნობა და თანამედროვე სამეცნიერო საკითხებზე მსჯელობა ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. დარწმუნებული ვარ, კონსორციუმთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიერებს უნივერსიტეტის საერთაშორისო კავშირებს და ხელს შეუწყობს საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო და საგანმანათლებლო პოტენციალის წარმოჩენას საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში“, - განაცხადა თამარ წერეთელმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ლიანა თარგამაძის განცხადებით, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის შედეგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის, რადგან მათ თანამედროვე სამეცნიერო ცოდნის მიღებისა და პრაქტიკული უნარების განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

„მსგავსი საერთაშორისო შეხვედრების მთავარი ღირებულებაა ის, რომ მათი შედეგები უშუალოდ აისახება სტუდენტების განათლების ხარისხსა და პროფესიულ განვითარებაზე. Vinifera EuroMaster-ის კონსორციუმის პარტნიორებთან თანამშრომლობა ჩვენს სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ ევროპული მევენახეობა-მეღვინეობის თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებს, დარგში დანერგილ ინოვაციურ მეთოდებსა და პრაქტიკულ მიდგომებს. პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორების მიერ ჩატარებული ლექციები და გამოცდილების გაზიარება ხელს უწყობს სტუდენტებში ანალიტიკური აზროვნების, კვლევითი უნარებისა და პრაქტიკული კომპეტენციების განვითარებას. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მომავალ სპეციალისტებს ჰქონდეთ არა მხოლოდ მყარი თეორიული ცოდნა, არამედ საერთაშორისო პროფესიულ გარემოში საქმიანობისთვის აუცილებელი უნარებიც. სწორედ ასეთი თანამშრომლობით იქმნება საფუძველი, რომ სტუდენტებმა ევროპული გამოცდილება ქართული მევენახეობისა და მეღვინეობის ტრადიციებს დაუკავშირონ და დარგის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ“, - განაცხადა ლიანა თარგამაძემ.

ვიზიტის ფარგლებში კონსორციუმის წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას ესტუმრნენ. ცენტრის ხელმძღვანელმა, აკადემიკოსმა ლევან უჯმაჯურიძემ, სტუმრებს ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი პროექტები გააცნო.

„დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ბაზაზე დაცული ვაზის კოლექცია, კვლევითი ლაბორატორიები და ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცე. ვიზიტის ფარგლებში იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების დეგუსტაციაც გაიმართა, რამაც სტუმრებს ქართული ვაზის გენეტიკური მრავალფეროვნებისა და ადგილობრივი ენოლოგიური ტრადიციების გაცნობის შესაძლებლობა მისცა.

კონსორციუმის პარტნიორები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტსაც ეწვივნენ. მათ დაათვალიერეს მევენახეობა-ენოლოგიის, სურსათისა და მიკრობიოლოგიის სასწავლო ლაბორატორიები, აგრეთვე ფაკულტეტის ტერიტორიაზე არსებული რძისა და ღვინის სასწავლო-საწარმოო სივრცეები. სტუმრები გაეცნენ ფაკულტეტის საგანმანათლებლო გარემოსა და იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც სტუდენტების პრაქტიკული მომზადებისა და პროფესიული კომპეტენციების განვითარებას ემსახურება.

ვიზიტის აკადემიური პროგრამის ფარგლებში კონსორციუმის პარტნიორმა პროფესორებმა უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური საზოგადოებისათვის ლექციები წაიკითხეს თემაზე - „უკანასკნელი სიახლეები ევროპული ვაზისა და ღვინის მეცნიერებებში“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.