ნიკოლოზ ალავიძე - რა საჭირო იყო სათამაშო ბიზნესსა და ტარიფთან დაკავშირებული კანონების ასე სწრაფად მიღება?! რომელი რელიგიის წმინდანი გამოეცხადათ?! რაც შეეხება სემეკის წევრს, 100 წლის წინ რომ ვიყოთ, გიორგი ფანგანს დუელში გამოვიწვევდი!

ყველაფერი უძველესი ბერძნული გამონათქვამის - კაკისტოკრატიის ანარეკლია! ეს არის მმართველობის ფორმა, როდესაც ძალაუფლებას ყველაზე ნეგატიური სელექციით შერჩეული ადამიანები იგდებენ ხელში - რა საჭირო იყო პარლამენტის მიერ კანონების ასე სწრაფად მიღება?! უცბად გაიღვიძეს და რაღაც გამოცხადება ნახეს?! რა გამოცხადება იყო ან ვინ გამოეცხადა - რომელი რელიგიის წმინდანი გამოეცხადა მათ?! - აქვთ ვალდებულება, რომ ყველაფერი ახსნან! - ასე აფასებს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, “ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელი ნიკოლოზ ალავიძე პარლამენტის მიერ სათამაშო ბიზნესთან და ბუნებრივი აირის ტარიფთან დაკავშირებით მიღებულ კანონებს.
როგორც ალავიძემ გადაცემა ”დღის ნიუსრუმში" განაცხადა, პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საერთოდ არ ითხოვდა დაჩქარებული წესით განხილვას და ეს ის საკითხები იყო, რაზეც გადაწყვეტილება კარგად განხილვის შედეგად უნდა ყოფილიყო მიღებული.
“რატომ გახდა აუცილებელი, რომ საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის საკითხი პარლამენტს დაჩქარებული წესით განეხილა? როცა ამაზე ინიციატორს ჰკითხეს, მან განაცხადა, რომ ამ მიმართულებით კანონს აუმჯობესებენ. თუ ეს მოქმედი კანონმდებლობის გაუმჯობესება და ევოლუციური პროცესი იყო, რატომ გახდა საჭირო ამ ყველაფრის ასეთი დაჩქარებული წესით გაკეთება? სად არის თანხმლები ე.წ. “რეა“ - შესაძლო გავლენის შეფასება? გვინდა დავინახოთ ამ მოვლენის ეკონომიკური, ფისკალური, ემოციური და საზოგადოებრივი რისკები, რაც სამწუხაროდ, რეალიზებულია და წლებია ამას ვაკვირდებით. ვაკვირდებით არათანმიმდევრულობას, რომელიც “ქართულ ოცნებას“ ამ დარგის მიმართ გააჩნია. რამდენიმე წლის წინ, საზოგადოებაზე ზრუნვის მოტივით ამ დარგს შეზღუდვები დაუწესეს. მათ საჯარო სივრცეში რეკლამის გაკეთება აეკრძალათ. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სათამაშო ბიზნესის მხრიდან ოსტატურად მოხდა ამ შეზღუდვის უპირატესობად გამოყენება. ცალკე კომპანიები ჩამოყალიბდა და რეალურად, შემოსავალი მედიასაშუალებებმა დაკარგეს, რაც სხვაგან შეივსო. რეალურად კი არაფერი შემცირდა. გაიზარდა ჩრდილოვანი ნაწილი - უკანონო, პირატული ონლაინ-პლატფორმები, რაზეც თავად სათამაშო ბიზნესის ასოციაციაც ხშირად საუბრობს და ფაქტებსაც აქვეყნებს. ჩვენ ვსაუბრობ ქვეყანაზე, სადაც კანონის აღსრულება არის სრულიად ბუნდოვანი. ჩვენ იმ ქვეყანაზე ვსაუბრობთ, სადაც პოლიტიკოსებს, სტუდენტებს, მრავალშვილიან ქალებს აბსოლუტურად უმიზეზოდ იჭერენ. ეს ცალკე აღებული პროცესი არ არის - ეს არის ერთიანობაში!
მშრალი ციფრების თანახმად, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 88 მილიარდი იყო. 1 მილიარდ 750 მილიონი ლარია ამ სექტორიდან გადასახადის სახით გადახდილი, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რეალურად, რა დოვლათი აქვს და რა უკუგება მოაქვს. 88 მილიარდიანი ბრუნვიდან რატომ იყო გადასახადი 1 მილიარდ 750 მილიონი და არა 3 მილიარდი? რაღაც Hotel California-ს გავაკეთებთ, სადაც თვითმკვლელები უნდა მოვიწვიოთ, რომ შემდეგ მათ თავი დაიხოცონ?!“ - განაცხადა ალავიძემ.
რაც შეეხება სემეკისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, რომელიც მარეგულირებელ ორგანოს შესაძლებლობას აძლევს გაზსა და წყალზე დიფერენცირებული ტარიფები დაადგინოს, ალავიძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე გაკეთებული განმარტებები საქართველოს მოქალაქეების ინტელექტისადმი მიყენებული შეურაცხყოფაა. მისი თქმით, ენერგიის დაზოგვის მიმართულებით სახელმწიფოს ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება კი დაჟინებული მზერით არ ხდება.
“პირველ რიგში, ტარიფის გადახედვა არის სემეკის კომპეტენცია. პარლამენტს და ამ კანონის კონკრეტულ ინიციატორებს, ალბათ, აქაც გამოცხადება ჰქონდათ და გადაწყვეტილება ასევე ჩქარი ტაშით - ორ დღეში განხილვებისა და საზოგადოების ინფორმირების გარეშე მიიღეს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ანგარიშზე დაყრდნობით მიიღეს ეს ინიციატივა? სემეკიც “ქართული ოცნების“ ნაწილია და ეს ყველაფერი ერთპარტიული მმართველობის შედეგია, რასაც კაკისტოკრატი ჰქვია. ჩვენ არ ვიცით, რა გახდა ამ გამოცხადების ტრიგერი - რა ინფორმაციაზე დაყრდნობით უნდა იმსჯელოს სემეკმა, მაგრამ ვიმსჯელოთ იმის მიხედვით, რაც უკვე ვიცით. ეს არის ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირება, რაც იგივე პრინციპით მოხდა - უცბად ვიღაც პარლამენტარს გამოეცხადა, შემდეგ სემეკმა თქვა და რეალურად ტარიფი გაზარდეს, რაც დაბალშემოსავლიან მოსახლეობას მძიმედ დააწვა. თან კონტექსტი ასეთია, რომ ქვეყანა ორნიშნა ეკონომიკური ზრდით იზრდება, ყვავის, საქართველო ეკონომიური ზრდის ბასტიონია, მაგრამ ეს ზრდა ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 80%-ს არ ეხება. 20%-ს კი ბევრი ფული აქვს და შეუძლიათ კაზინოში გაერთონ, მაგრამ დანარჩენი 80%-თვის კომუნალური გადასახადი 30%-ით გაიზარდა. ელექტროენერგიის ხარჯი მეც მნიშვნელოვნად გამეზარდა. ახლა მითხრეს, რომ გაზის ტარიფი უნდა გადაიხედოს. გადახედვა ნიშნავს იმას, რომ გაზის ტარიფიც უნდა გაიზარდოს. რა კალკულაციებს ეყრდნობა ეს ყველაფერი?! გადახედვის რა წინაპირობები არსებობს?!
ვნახე სემეკის წევრის განმარტება - ჩვენ 100-150 წლის წინ რომ ვიყოთ, გიორგი ფანგანს აუცილებლად დუელში გამოვიწვევდი! ეს არის ჩვენი ინტელექტის შეურაცხყოფა და აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადება. ჯერ ერთი, ევროკავშირთან შედარება ასე არ ხდება. მეორეც, დანაზოგის იძულებით გაკეთება არ ხდება! ჩვენი საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა მოძველებულია. ამ მიმართულებით სახელმწიფოს ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს. ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება კი დაჟინებული მზერით არ ხდება. ეს არის საინვესტიციო საჭიროება. ევროპის ქვეყნების ყაირათიანობას რომ ედრებიან, იქ წლების მანძილზე კომუნალური მიწოდებისა და საცხოვრებლის ენერგოეფექტურობის მიმართულებით სახელმწიფოს მონაწილეობით მიზანმიმართული ინვესტიციებია გაკეთებული. ჩვენთან ეს ყველაფერი არ გაკეთდა, რადგან ამას კორუფცია აქრობდა. ბოლო 15 წლის მანძილზე ქსელზე არანაირი საინვესტიციო განახლება არ მომხდარა. თავად დააკავეს მაღალჩინოსნები, ვინც ენერგოსექტორს კურირებდა. ეს არის აისბერგის პირი, რასაც ვუყურებთ, მაგრამ ყველაფერს დიდ სურათში უნდა შევხედოთ“, - განაცხადა “ჯერ საქართველოს“ წარმომადგენელმა.

























