რევაზ ნადარაია გვარამიას - ვეტინგზე თქვენი პოზიცია გასაგებია და კონკრეტული მოსამართლე გასაშვებია და ა.შ., ამაში ნუ შევდივართ - მოსამართლეების კორუმპირებულობაზე ინფორმაცია არ მაქვს, საკითხს აყენებთ პროვოკაციულად, სასამართლოს ეცით პატივი!

რევაზ ნადარაია გვარამიას - ვეტინგზე თქვენი პოზიცია გასაგებია და კონკრეტული მოსამართლე გასაშვებია და ა.შ., ამაში ნუ შევდივართ - მოსამართლეების კორუმპირებულობაზე ინფორმაცია არ მაქვს, საკითხს აყენებთ პროვოკაციულად, სასამართლოს ეცით პატივი!

მე მოსამართლეების კორუმპირებულების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. საკითხს აყენებთ პროვოკაციულად, პირველ რიგში, სასამართლო სისტემას ეცით პატივი,- ასე უპასუხა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ მომხსენებელს ნიკა გვარამიას, რომელმაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვისას მოსამართლე ნადარაიას მიმართა კითხვით: „თქვენ არ ეთანხმებით, რომ კორუმპირებული მოსამართლეები სისტემიდან უნდა იყვნენ გაშვებულები?“

ნიკა გვარამიას თქმით, მისთვის გაუგებარია მოსარჩელემ მხარემ რატომ ახსენა ვეტინგის პროცედურა, როგორც ერთ-ერთი მაგალითი კონსტიტუციურ წესრიგზე თავდასხმის.

„ვეტინგის პროცედურა, არ ვიცი, რა მიზნით იყო მოსარჩელის მიერ ნახსენები, როგორც ერთ-ერთი მაგალითი კონსტიტუციურ წესრიგზე თავდასხმის. ჩემთვის ეს გაუგებარია სრულიად. კი, კორუმპირებული მოსამართლეები უნდა იქნენ გაშვებული სისტემიდან. თქვენ არ ეთანხმებით, რომ კორუმპირებული მოსამართლეები სისტემიდან უნდა იყვნენ გაშვებულები?

მე ვთქვი, რომ არ შეიძლება, კორუმპირებული მოსამართლე იყოს სისტემაში და მე მგონი, ორჯერ ორი ოთხია. ვეტინგის მიზანია, რომ დაადგინოს თუ არიან ასეთი მოსამართლეები და თუ არიან - გაუშვას. ეს არის ვეტინგის პროცედურა და ეს ხდება საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, თუმცა ამას დასჭირდება, სავარაუდოდ, კონსტიტუციური ცვლილებები და კონსტიტუციური პროცედურების გარეშე ან საპარლამენტო საკანონმდებლო პროცედურების გარეშე, ამას ვერც და არც აპირებს არავინ და ეს არის გაუგებარი, როგორ არის ეს თავდასხმა კონსტიტუციურ წესრიგზე. ვეტინგი სხვა არაფერია თუ არა თავდასხმა კორუფციაზე, რაც, იმედია, რომ ჯერ კიდევ ლეგიტიმურ ამოცანად მიაჩნია „ქართულ ოცნებას“,- განაცხადა გვარამიამ.

გვარამიას სიტყვა შეაწყვეტინა მოსამართლე ნადარაიამ და აღნიშნა, რომ მისი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვეტინგის პროცედურა არ არის საკონსტიტუციო წესრიგის საწინააღმდეგო, გასაგებია, თუმცა მოუწოდა, რომ სასამართლო მოწყობასთან დაკავშირებით მისი აზრები სხდომაზე აღარ განევრცო.

„რასაც ბრძანებთ, ეს კონტექსტი გასაგებია, რომ მოთხოვნა ვეტინგის თაობაზე არ იყო კონსტიტუციასთან საწინააღმდეგო. დაასაბუთეთ თქვენ უკვე და ახლა კონკრეტული მოსამართლეები გასაშვებია და ა.შ. ამაში ნუ შევდივართ. შინაარსი აბსოლუტურად გასაგებია და ნუ სცდებით იმას, რასაც ამბობთ.

მე მოსამართლეების კორუმპირებულების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. საკითხს აყენებთ პროვოკაციულად და ნუ გასცდებით! პირველ რიგში, სასამართლო სისტემას ეცით პატივი! სასამართლო სისტემა მოიცავს როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს, ისე საერთო სასამართლოებს და ეცით ორივეს პატივი! გასაგებია, თქვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვეტინგის მოთხოვნა, თუ სასამართლო სისტემის რეფორმა, მიგაჩნიათ, რომ არ არის კონსტიტუციის საწინააღმდეგო. ახლა შესვლა იმაში, თქვენ რა შეხედულებები გაქვთ სასამართლო სისტემის მოწყობასთან დაკავშირებით, სხვაგან ილაპარაკეთ ამასთან დაკავშირებით. ეს თქვენი შეხედულებაა უკვე,“- განაცხადა მოსამართლემ.