არჩილ გორდულაძე - სარჩელში მითითებული პარტიები 6-ჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამას ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან - ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

არჩილ გორდულაძე - სარჩელში მითითებული პარტიები 6-ჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამას ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან - ტყუილია, რომ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ

გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე - ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

არჩილ გორდულაძემ ასევე ტყუილი უწოდა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლების განცხადებას იმის შესახებ, რომ საგამოძიებო კომისია პარლამენტში არასწორად იქნა დაკომპლექტებული, ამასთან, აღნიშნა, რომ სარჩელი კონკრეტულ მტკიცებულებებსა და ასზე მეტ წყაროზე დაყრდნობით ასაბუთებს ხუთი ოპოზიციური პარტიის მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მათი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს.

„ტყუილია, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია არასწორად იქნა დაკომპლექტებული. სინამდვილეში: საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით იქნა დაკომპლექტებული.

ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს. სინამდვილეში: სარჩელში დეტალურად, კონკრეტულ მტკიცებულებებზე და სარჩელშივე მითითებულ 100-ზე მეტ წყაროზე დაყრდნობით არის დასაბუთებული, რომ სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები წლების განმავლობაში მოქმედებენ, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი და მათი მიზანი საქართველოს წყობილების დამხობა, ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა იყო,“ - განაცხადა გორდულაძემ.

გარდა ამისა, არჩილ გორდულაძის თქმით, სინამდვილეში, მოსარჩელე მხარემ, ასაკრძალი პარტიების ნუსხა მათ მიერ განხორციელებული არაკონსტიტუციური ქმედებების საფუძველზე განსაზღვრა.

„ტყუილია, რომ მოსარჩელემ ასაკრძალი პარტიების ნუსხა მხოლოდ იმის მიხედვით გასაზღვრა, თუ რამდენად აქვთ მათ პოტენციალი გადალახონ საარჩევნო ბარიერი. სინამდვილეში, მოსარჩელემ ასაკრძალი პარტიების ნუსხა მათ მიერ განხორციელებული არაკონსტიტუციური ქმედებების საფუძველზე განსაზღვრა. რაც შეეხება ასაკრძალი პოლიტიკური პარტიის პოტენციალს გადალახოს საარჩევნო ბარიერი - აღნიშნული ფაქტორი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, არის მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იმის დასადგენად, ასაკრძალი პარტიიდან მომდინარე საფრთხე რამდენად რეალურია. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიის საარჩევნო მხარდაჭერის ფაქტორის გათვალისწინება ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი მყარი პრაქტიკაა“, - განაცხადა მან.

არჩილ გორდულაძის განმარტებით, „სიცრუეა გვარამიას პარტიის წარმომადგენელთა განცხადება იმის შესახებაც, რომ არ არსებობს სარჩელში მოხსენიებული ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საფუძველი“.

„ტყუილია, რომ არცერთი პარტია, რომლის აკრძალვასაც ჩვენ ვითხოვთ მყისიერ საფრთხეს არ ქმნიან და შესაბამისად არ არსებობს მათი აკრძალვის საფუძველი. სინამდვილეში, ყველა პოლიტიკური პარტია, რომლის აკრძალვასაც ჩვენ ვითხოვთ, სწორედ რომ მყისიერ საფრთხეს ქმნის ანტიკონსტიტუციური ქმედებების განსახორციელებლად. კიდევ ერთხელ, ცალსახად უნდა ითქვას, რომ სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები წლების განმავლობაში მოქმედებენ, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი, უშუალოდ ახორციელებენ ძალადობრივ ქმედებებს ან მხარს უჭერენ და არ ემიჯნებიან ამ ძალადობას. „ნაციონალური მოძრაობა“ უშუალოდ 2012 წლამდე ადამიანის სისტემური და სისტემატური წამების რეჟიმის შემქმნელია, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით დასტურდება. ამ სადისტურ რეჟიმის შემქმნელ პოლიტიკურ პარტიას არათუ არ ემიჯნებიან სხვა პოლიტიკური პარტიები, არამედ კოალიციაშიც კი შედიან მათთან ანტიკონსტიტუციური ქმედებების განხორციელების მიზნით. შესაბამისად, მათგან მომდინარე საფრთხე რეალურია,“ - აღნიშნა გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძის განცხადებით, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე არაერთი ტყუილი და მანიპულაცია გაავრცელეს.

„ტყუილია, რომ მოპასუხე პოლიტიკური პარტიები ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლას ითხოვდნენ და ამის გამო იკრძალებიან.

სინამდვილეში, სარჩელში მითითებული პოლიტიკური პარტიები 2019-2025 წლებში უშუალოდ ექვსჯერ შეეცადნენ ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლას და ამ ქმედებებს ისინი ამ მომენტისთვისაც არ ემიჯნებიან.

ტყუილია, რომ ჩვენ პროდასავლური პარტიების აკრძალვას ვითხოვთ. სინამდვილეში, ჩვენ ვითხოვთ იმ პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ; ჩვენ ვითხოვთ იმ პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, რომელმაც 2003-2012 წლებში ადამიანის წამების სისტემური და სისტემატური რეჟიმი შექმნა. ჩვენ ვითხოვთ იმ პარტიების აკრძალვას, რომლებიც ამ სისტემური და სისტემატური წამების რეჟიმის შემქმნელ პოლიტიკურ პარტიას არ ემიჯნებიან და თანამშრომლობენ მასთან; ჩვენ ვითხოვთ იმ პარტიების აკრძალვას, რომლებიც ფეხქვეშ თელავენ საქართველოს სუვერენიტეტს და უმთავრეს კონსტიტუციურ პრინციპს, რომ საქართველოს ხელისუფლების წყარო არის ხალხი“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.