პარლამენტმა იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების, მისი გაგრძელების საფუძვლების შეფასების და პირის სტაციონარიდან გაწერის წესში ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების, მისი გაგრძელების საფუძვლების შეფასების და პირის სტაციონარიდან გაწერის წესში ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების, მისი გაგრძელების საფუძვლების შეფასების და პირის სტაციონარიდან გაწერის წესში ცვლილებები განახორციელა. კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ამ მიმართულებით ცვლილება „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში და მასთან ერთად, „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა“ და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“ შევიდა. „ქართული ოცნების“ დეპუტატების განმარტებით, ცვლილებების საფუძველი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილება გახდა.

ჯერ კიდევ მოქმედი კანონმდებლობით, იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას სისხლის სამართლის მოსამართლე მაქსიმუმ 4-წლამდე ვადით ნიშნავს. პარლამენტის მიერ მიღებული პროექტის თანახმად, ფსიქიატრიული დაწესებულების სპეციალური კომისია იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის დანიშვნიდან ორ თვეში ერთხელ იხილავს და არკვევს, ისევ არის თუ არა სახეზე საფუძვლები, რითაც იძულებითი მკურნალობის დანიშვნა მოხდა.

კომისიის გადაწყვეტილება როგორც იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის, ასევე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდება.

იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის შეფარდებიდან 6 თვეში ერთხელ, ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დოკუმენტაციასთან ერთად სასამართლოს გაუგზავნის და სასამართლო განიხილავს, ისევ არის თუ არა სახეზე საფუძვლები, რომელზე დაყრდნობითაც პირს მკურნალობა შეეფარდა. ამასთან, მკურნალ ექიმს კვლავ ექნება უფლებამოსილება, ნებისმიერ დროს მიმართოს კომისიას, თუ თვლის, რომ პაციენტი ვადამდე გამოჯანმრთელდა.