ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე - რაც შესაძლებელი იყო, შიდა, დოკუმენტური მოკვლევა ჩავატარეთ - კარგია, რომ დროულად მივმართეთ პროკურატურას და ისიც მისასალმებელია, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება და განცხადებით მიმართა პარლამენტს

ძალიან კარგია, რომ ჩვენ დროულად მივმართეთ პროკურატურას - ასევე, ისიც მისასალმებელია, რომ ნანა ყეინიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება და განცხადებით მიმართა პარლამენტს,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ნანა ყეინიშვილის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს დატოვების შესახებ განაცხადა.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, „ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ გაჩნდა კითხვები და ეჭვები“.
„ჩვენ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, რაც შესაძლებელი იყო, შიდა მოკვლევა, დოკუმენტური მოკვლევა ჩავატარეთ. ნამდვილად ასეა ჩვენი კანონმდებლობა აწყობილი, რომ ბორდის წევრთან მიმართებით თანამშრომლებს არ შეუძლიათ ამ მოკვლევის გაკეთება. ძალიან კარგია, რომ ჩვენ დროულად მივმართეთ პროკურატურას, პროკურატურა თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს გამოძიებას და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.
ასევე, ისიც მისასალმებელია, რომ ქალბატონმა ნანამ მიიღო თავისი გადაწყვეტილება, განცხადებით მიმართა პარლამენტს და ჩვენ მანამდე, აცილება მივეცით ჩვენი სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებიდან, რომ ამ კუთხით არ ყოფილიყო დამატებითი კითხვები, სანამ ყველაფერი გაირკვევა. როგორც ვიცი, პარლამენტი უახლოეს პერიოდში განიხილავს მის განცხადებას გადადგომის შესახებ“,- აღნიშნა თურნავამ.
ინფორმაციისთვის, ნანა ყეინიშვილმა, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, ეროვნული ბანკის საბჭო დატოვა.
აღნიშნულს წინ უძღოდა ის ფაქტი, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის მუხლით დაიწყო. პროკურატურის ცნობით, გამოძიება ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე დაიწყო.
„შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი განცხადებების და მასზე დართული აუდიო ჩანაწერების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში, უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც რეგისტრირებულია მისი ოჯახის წევრის და მასთან აფილირებული პირების სახელზე. ამავე განცხადებების თანახმად, ნანა ყეინიშვილი ასევე, ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულაციას დაქვემდებარებული საწარმოს წილში შესვლას და ამ გზით საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას”,- ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
ამასთან, პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა, გამოძიების დასრულებამდე, ნანა ყეინიშვილის აცილების გადაწყვეტილება მიიღო.

























