დავით მათიკაშვილი ევროკავშირის მიერ გამოყოფილ დახმარებაზე - ქვეყნის დაყოფა საზოგადოებად და ხელისუფლებად არის კონტრპროდუქტიული - რომელი ხალხისთვის არის ეს თანხა გათვალისწინებული, თუ ისინი ფეხქვეშ თელავენ ქართველი ხალხის არჩევანს?!

დავით მათიკაშვილი ევროკავშირის მიერ გამოყოფილ დახმარებაზე - ქვეყნის დაყოფა საზოგადოებად და ხელისუფლებად არის კონტრპროდუქტიული - რომელი ხალხისთვის არის ეს თანხა გათვალისწინებული, თუ ისინი ფეხქვეშ თელავენ ქართველი ხალხის არჩევანს?!

ქვეყნის დაყოფა საზოგადოებად და ხელისუფლებად არის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული - რომელი ხალხისთვის არის ეს თანხა გათვალისწინებული, თუ ისინი ფეხქვეშ თელავენ ქართველი ხალხის არჩევანს?!, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც ევროკავშირის მიერ საქართველოს მოსახლეობისთვის გამოყოფილი 38 მილიონი ევროს დახმარებაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, „მზაკვრობა და უმწიფარი პოლიტიკის შედეგია ის ყველაფერი, რასაც ჩვენ ევრობიუროკრატიის მხრიდან ვხედავთ".

„ევრობიუროკრატები საქართველოს მოსახლეობის ნახევრის არჩევანს არ აღიარებენ. აქედან რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ?! რომელი ხალხისთვის არის ეს თანხა გათვალისწინებული, თუ ისინი ფეხქვეშ თელავენ ქართველი ხალხის არჩევანს?! ესეც არის კიდევ ერთი აშკარა დასტურია იმისა, რომ ევრობიუროკრატია საერთოდ

არის აცდენილი არსებულ პოლიტიკურ რეალობას, კვლავ ჯიუტად ცდილობს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების გამოყენებას საკუთარი მიზნებისთვის. მას არანაირად არ ადარდებს რეალურად, რას ფიქრობს ჩვენი საზოგადოება“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირმა საქართველოსთვის 38 მილიონი ევროს დახმარება გამოყო. ევროკავშირის ოფისში განმარტავენ, რომ აღნიშნული თანხა გამოყოფილია ისეთი პროექტებისთვის, რომლებიც საქართველოს ოჯახებსა და ადგილობრივ თემებს მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს.

„ამ პაკეტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ფერმერების, სოფლად მცხოვრები ადამიანებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა. განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ იმ ბიზნესებსა და ფერმერულ მეურნეობებს, რომლებსაც ქალები მართავენ. ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაბებსა და პატარა ქალაქებში, ხელს შევუწყობთ პროფესიული უნარების განვითარებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას. ჩვენ ვეხმარებით იმ ადამიანებსაც, რომლებიც ქვეყანაში ბრუნდებიან და აქ ხელახლა დამკვიდრება სურთ. გარდა ამისა, მნიშვნელოვან მხარდაჭერას გავუწევთ ქალებსა და გოგონებს, შევუქმნით მათ ახალ შესაძლებლობებს, მათ შორის იმ ქალებსა და გოგონებს, რომლებიც გენდერული ნიშნით ძალადობა გადაიტანეს“, - განმარტავენ ევროკავშირის ოფისში.