ნუგზარ წიკლაური - ტირანები რომ მარცხდებიან, ეს ორბანის და ვუჩიჩის მაგალითზეც ვნახეთ - გაცილებით უფრო ძლიერები, უფრო ჭკვიანი ხალხი იყო, განსაკუთრებით ვუჩიჩი და ისინიც კი ჩამოიშალნენ

ნუგზარ წიკლაური - ტირანები რომ მარცხდებიან, ეს ორბანის და ვუჩიჩის მაგალითზეც ვნახეთ - გაცილებით უფრო ძლიერები, უფრო ჭკვიანი ხალხი იყო, განსაკუთრებით ვუჩიჩი და ისინიც კი ჩამოიშალნენ

ერთადერთი მიზეზი, რატომაც იქცევიან ასე, არის ის, რომ აღარ არსებობს საქართველოში იმ რაოდენობის ხალხი, რომელიც მათ [„ქართულ ოცნებას“] უჭერს მხარს და რომელიც გამარჯვებას მოუტანს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის” გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში” პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით განაცხადა.

წიკლაური ვარაუდობს, რომ მიმდინარე პერიოდში ქუჩაში საპროტესტო გამოსვლები გახშირდება და ადამიანების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ქვეყანა „ტირანიის დამარცხებასთან ახლა ისე ახლოსაა, როგორც არასდროს”. მან საზოგადოებას წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩართვისკენ მოუწოდა.

„მე მგონია, რომ 2020 წელს, როდესაც პოლიტიკურმა პარტიებმა შეცვალეს თავიანთი პოზიცია და შევიდნენ პარლამენტში, ეს იყო უმძიმესი მომენტი ქართული პოლიტიკური ელიტისთვის იმიტომ, რომ იყვნენ პოლიტიკური ლიდერები, გამოდიოდნენ ხალხმრავალ შეკრებებზე, მაგრამ მაშინ ხალხსა და პოლიტიკურ ლიდერებს შორის მოხდა რაღაც, რამაც ჩვენ დაგვაკარგვინა ძალიან მნიშვნელოვანი ოთხი წელი. ამის შემდეგ კი, 2024 წელს ივანიშვილმა კიდევ უფრო მეტად გააყალბა არჩევნები, კიდევ უფრო ცინიკური იყო მისი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ და ახლა, პოლიტიკური პარტიების მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა, რომლებმაც არ უღალატეს თავიანთ სიტყვას, მოიტანა ის შესაძლებლობა, რომ ჩვენ ტირანიის დამარცხებასთან ახლა ვართ ყველაზე ახლოს.

ტირანები რომ მარცხდებიან, ეს ჩვენ ორბანის მაგალითზეც ვნახეთ და გუშინწინ ვუჩიჩის მაგალითზეც ვნახეთ. გაცილებით უფრო ძლიერები, გაცილებით უფრო ჭკვიანი ხალხი იყო, განსაკუთრებით ვუჩიჩი და ისინიც კი ჩამოიშალნენ. ამიტომ, ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი, ყველაფერი სწორ გზაზე დგას. ახლა ნახავთ, როგორ გაიზრდება ქუჩაში ადამიანების რაოდენობა. არავინ დაუშვებს, რომ საქართველოში ერთპარტიული სივრცე იყოს და ქვეყანას თავისი ისტორიული პერსპექტივით მომავალი გაუუქმოს.

აქ ერთი მცირე საფრთხეა და ესეც ადვილად გადაილახება, დარწმუნებული ვარ - ვხედავთ, ამ ფსევდო პარტიებს როგორ აგროვებენ, მაგალითად „ნეიტრალური საქართველო”, „ხალხის ძალა”. ახლა ივანიშვილის მოჯამაგირეთა პარტიები გაჩნდება, ვითომ იმისთვის, რომ ოპოზიცია იყოს და საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოიპოვოს „ქართულმა ოცნებამ”. ახლა რომ არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ევროპასთან გზის ჩახერგვაში ამან ხელი შეუშალა? ამიტომ ახლა ეს უნდა გადავლახოთ და წინააღმდეგობის მოძრაობაში უნდა გავერთიანდეთ”, - აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.