გიორგი სიორიძე - ივანიშვილს და მის პოლიტიკურ ძალას მოუწევს უმძიმესი პოლიტიკური ფასის გადახდა, მათ შორის პერსონალური სანქციებით, რომლის მსგავსი ჯერ არც დასიზმრებიათ

გიორგი სიორიძე - ივანიშვილს და მის პოლიტიკურ ძალას მოუწევს უმძიმესი პოლიტიკური ფასის გადახდა, მათ შორის პერსონალური სანქციებით, რომლის მსგავსი ჯერ არც დასიზმრებიათ

ის, რაც ახლა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში ხდება, რეალურად, მთელი პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვაა, ეს გახლავთ კონსტიტუციური გადატრიალების დასკვნითი ფაზა, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

გიორგი სიორიძის თქმით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ მიიღებს ისეთ სანქციებს, „რომლის მსგავსი ჯერ არც დასიზმრებიათ“.

„ჩვენ არ დაგვავიწყდეს, რომ ივანიშვილს არ აქვს საგარეო ლეგიტიმაცია, არც 2024 წლის არჩევნებს და არც მის ქმედებებს. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ აშშ-მა გაწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობა, ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ პერსონალური სანქციები აქვს თავად ივანიშვილს, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა გაუხანგრძლივა მას, როგორც რუსეთის ფედერაციასთან კავშირში მყოფს, როგორც რუს ოლიგარქს და ბიზნესმენს. მისი ყოფილი მაღალჩინოსნები ყველაზე მძიმე სასანქციო სიაში, „მაგნიტსკის სიაშიც“ კი არიან, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი მძიმე ნაბიჯი ივანიშვილს აქამდე არ გადაუდგამს და რაც უფრო მძიმეა ნაბიჯი, მით უფრო მძიმეა ამის პოლიტიკური ფასი. ივანიშვილს და მის პოლიტიკურ ძალას მოუწევს უმძიმესი პოლიტიკური ფასის გადახდა, მათ შორის პერსონალური სანქციებით, რომლის მსგავსი ჯერ არც დასიზმრებიათ. ამას მიხვდა მანანა კობახიძე, რომელსაც აიძულებდნენ პროცესში მონაწილეობას, ხვდებიან თუნდაც ის პოლიტიკოსებიც, პარლამენტში, მთავრობაში თუ სხვაგან, ფლანგზე გაშლილები. ივანიშვილი მოქმედებს კრიმინალური სინდიკატის მეთოდებით, ყველა უნდა იყოს ამ ამბავში, „კოზანოსტრაში“, მათ საქმეში გასვრილი, ყველა უნდა იყოს ამის თანაზიარი. ეს მათ უქადის პოლიტიკურ დაღუპვას. ვისაც შეუძლია, რომ თავი გადაირჩინოს, ალბათ ამას შეეცდება, სურვილი რომ ბევრს აქვს ფაქტია. ეს არ არის ლუკმა, რომლის გადაყლაპვაც ასე მარტივად შეუძლია ივანიშვილს და ქართულ ოცნებას“, ამას ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება საერთაშორისო ასპარეზზე.

რაც შეეხება ქვეყნის შიგნით, ქვეყნის შიგნით თვითონ ქართული საზოგადოება გამოუტანს მათ ვერდიქტს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად „ქართულ ოცნებას“. შედეგების მიხედვით, რა თქმა უნდა, მოვლენათა განვითარების სხვადასხვა სცენარი არსებობს, მაგრამ ერთი რამ შემიძლია დაგიდასტუროთ, ჩვენ ყველაფერი გათვალისწინებული გვაქვს. რა თქმა უნდა, მძიმე იქნება, მაგრამ ჩვენ პოლიტიკური ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებთ. როგორიც იქნება მოცემულობა, იმის შესაბამისად, ადეკვატურად, კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში ვიბრძოლებთ ბოლომდე. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, ნამდვილად არ ვაპირებთ, არც პოლიტიკიდან წასვლას, არც ქართველი ხალხის მიტოვებას“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.